მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე დისკუსია გრძელდება - გუშინ პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის.
პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადება პასუხისმგებლობისგან გაქცევას და თავის არიდებას ჰგავს.
"სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ძალიან ჰგავს პასუხისმგებლობისგან გაქცევას და თავის არიდებას, არა და ამ მნიშვნელოვან პროცესში მას შეეძლო ძალიან დიდი როლი ეთამაშა, მათ შორის მის მიერ პრეზიდენტის შეწყალება, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი. იქნებოდა ძალიან დიდი გამოხმაურების და რეზონანსის მქონე და ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ აბსურდული ბრალდებებით არის მიმდინარე ბრალდებები, მოუწევდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იმიტომ, რომ ისინი ვერ აუხსნიდნენ საერთაშორისო საზოგადოებას შეწყალების მიუხედავად რატომ უნდა დარჩენილიყო მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის უმძიმესი, ციხეში," – ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ "მოქალაქეებში" მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის განცხადება საკმაოდ დაბალანსებული იყო და საკითხი, თუ რატომ არ შიწყალებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს - ეს მის დისკრეციული უფლებაა.
"პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობს ითამაშოს მედიატორის როლი და ამ შემთხვევაშიც მისი განცხადება საკმაოდ დაბალანსებული იყო. რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს - ეს მისის დისკრეციული უფლება და მისი გადაწყვეტილება არის, მე ამის განხილვაში ვერ და არ შევალ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.