პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ეშინია.
"პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ეშინია. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი რაღაცის წინააღმდეგია. შეიძლება მას უნდოდეს რაღაც ნაბიჯის გადადგმა და სწორედ ამის გამო ვერ აკეთებდეს. მის განცხადებაში ორმხრივი კრიტიკა ამის მანიშნებელი და დამადასტურებელია.
რაღაც თუ გინდა თქვა, მაშინ თქვი ის რაღაც და მეორე მხარეს ტალახის სროლას თავი უნდა დაანებო მხოლოდ იმისათვის, რომ თითქმის ბალანსი დაცული იყოს. სათქმელი უნდა ითქვას მკაფიოდ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა მისი განცხადებით დესტრუქციულ კამპანიას ცივი წყალი გადაასხა.
"არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს აქვს სურვილი, შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს და ამას ვერ აკეთებს. წარსულშიც მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს, ასევე განმარტა, რატომ არ აპირებს. დღეს კიდევ მეტი თქვა პრეზიდენტმა, როდესაც განაცხადა, რომ სამართლებრივადაც ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთებას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ ამის უკან არანაირი აზრი არ არსებობს. ვიმეორებ, პრეზიდენტმა ამ განცხადებით ცივი წყალი გადაასხა დესტრუქციულ კამპანიას და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც სატელიტებთან ერთად აწარმოებდნენ უკიდურესად დამაზიანებელ კამპანიას.
დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის დისკურია, თუნდაც კრიტიკული განცხადებები, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს არანაირ მუქარას და ზეწოლას. ქალბატონ პრეზიდენტსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკრეტულ კანონებზე მიიღო პარლამენტმა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.