მილიონზე მეტი სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნისთვის - ცნობილი ხდება რა უჯდება ექსპრეზიდენტის გარემოცვას კამპანია, რომელშიც დიდი თანხის სანაცვლოდ ჩართულები არიან: ექსპერტთა ჯგუფები, ექიმები, ადვოკატები, მედია და აზრის სხვა ლიდერები.
კლიენტის ჯანმრთელობის გაუარესების მასშტაბური კამპანია ჩაბარებული აქვს კომპანია "აკერმანს", რომელიც თავის მხრივ ვალდებულებას იღებს, რომ მოიპოვოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების და ჩინოვნიკების, მათ შორის შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენელთა მხარდაჭერა. ვინ რამდენს იღებს ლობიზმში - ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
79 ათასი, 100 ათასი, 600 ათასი, 35 ათასი - კოლოსალური თანხები სხვადასხვა მომსახურებისთვის არის გადანაწილებული.
კონკრეტული პირების ანაზღაურება კი საათში 350-დან 1600-ს დოლარამდე მერყეობს. მხოლოდ მასიმო დიანჯელო, კომპანია "აკერმანის" მფლობელი, საათში სააკაშვილისთვის 850-თ დოლარად მუშაობს.
ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს კი მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს. 3 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
"ამერიკულმა იურიდიულმა კომპანიამ Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის ლობირებაში $917 177.44 აშშ დოლარი მიიღო."
ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობისთვის მიღებული თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 300 000 დოლარამდე კომპანიამ სამედიცინო ექსპერტებს გადაუხადა. ექსპერტებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სააკაშვილის საქმეში, მოამზადეს სამედიცინო დასკვნები, მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესებში და ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ. იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მათი სამედიცინო ანგარიში ლობისტური კამპანიის ნაწილი იყო.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მასალებიდან ჩანს, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა პიარკამპანიას, აშშ-ს და საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნებას ყოფილი პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია არაერთ ქვეკონტრაქტზე. ერთ-ერთ კონტრაქტში რეგისტრაციის ნომრით 7227, ვალდებულებების აღწერაში ნათქვამია, რომ კომპანიამ სააკაშვილის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, უნდა განახორციელოს საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება.
იუსტიციის დეპარტამენტის ფაილების თანახმად, ლობისტებს 2022 წლის ოქტომბრიდან კომუნიკაცია ჰქონდათ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან, სენატორ შაჰინის ოფისთან და ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან. საუბრები მიზნად ისახავდა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით განცხადებების გაკეთების მოწოდებას.
მილიონ დოლარამდე გაფორმებული კონტრაქტის გარდა, კიდევ ერთი ხელშეკრულება გიული ალასანიამ კომპანია "აკერმანთან" 357 406 დოლარად გააფორმა. შეთანხმება მოიცავდა 9 სექტემბრიდან 24 იანვრამდე პერიოდს. ექსპერტებისთვის გათვალისწინებული ათასობით დოლარის გარდა, თანხა გადაურიცხეს სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის:
"იუპინ ინთერნეიშენელი" - გადასახადები და დანახარჯები უსაფრთხოების სერვისებისთვის - 37 560 დოლარი;
"ენემეს ლაბორატორია" - ლაბორატორიული მომსახურება საექსპერტო ანალიზისთვის - 1 621 დოლარი;
შპს "ჯიფი ინთერნეიშენელი" - საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმის საფასური - 35 000 დოლარი.
ლობისტი ადვოკატების მომსახურების ტარიფები მერყეობს 350-დან 1 590- დოლარამდე საათში, ხოლო იურიდიული ასისტენტებისთვის 150-დან 400-მდე საათში, უნარების მიხედვით. "აკერმანის" განაცხადში ნათქვამია, რომ დ"ანჯელოს საათობრივ განაკვეთში 850 დოლარს უხდიან.