14 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი ტალღაა - სააკაშვილის პარტიაში მისი დამფუძნებლის მხარდაჭერის აქტივობებზე ვერ თანხმდებიან

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი ტალღაა - მიზეზი ამჯერად პროტესტის ფორმებია, რომელთაც პარტია ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში ირჩევს. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ ახალი მენეჯმენტი საკითხს მათთან არ ათანხმებს და გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებს. ნიკას მელიას გუნდის წევრების თქმით, არჩევნების შემდეგ ისინი პარტიის გეგმების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მედიისგან და ბრიფინგებიდან იგებენ.

პარტიის თავმჯდომარე კითხვას, თუ ვისთან ათანხმებს გეგმებს, არ პასუხობს, მისი თანამოაზრეები კი ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობენ. ხაბეიშვილის გუნდი ამბობს, რომ მელიას თავმჯდომარეობის პირობებშიც კონკრეტული გადაწყვეტილებები და პროტესტის ფორმები პარტიის ყველა წევრთან არ თანხმდებოდა.

ერთად მოქმედება ხაბეიშვილის გუნდისთვის საპროტესტო აქციებში გამოიხატება, მსგავსი შეკრება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა დღესაც გამართეს. მას მხოლოდ ახალი თავმჯდომარის თანამოაზრეები ესწრებოდნენ, მათ შორის, პარტიის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, რომელიც ფიქრობს, რომ პროტესტის ფორმებზე და განრიგზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" აზრი ამომრჩეველს უნდა ჰკითხოს.

პროტესტის კიდევ ერთი ფორმა - ბოიკოტი, "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილების დამატებითი მიზეზია. მელიას გუნდი ხაბეიშვილის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მანდატების შენარჩუნების პირობებში საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას გაუგებარს უწოდებს. ამ დრომდე უცნობი რჩება ისიც, თუ რა ხედვა აქვს პარტიის ახალი თავმჯდომარეს საკრებულოებთან მიმართებაში.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები მხოლოდ ამ პარტიის დასუსტებაზე მეტყველებს. "ქართული ოცნების" თქმით, საკანონმდებლო ორგანოდან ოპონენტების გასვლა ბევრს არაფერს შეცვლის, მმართველი ძალა აქცენტს მანდატებისა და შესაბამისად სადეპუტატო პრივილეგიების შენარჩუნებაზეც აკეთებს.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ”ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ახალ ფორმას მიმართა, პარტია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და საპარლამენტო საქმიანობაზე უარი თქვა, თუმცა შეინარჩუნა მანდატები.

დღის ამბები