რეგიონი, სადაც თურქეთის მიწისძვრა მოხდა, 12-დან 14 მილიონამდე მოსახლეს მოიცავს - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ "ღამის კურიერში" ისაუბრა.
ელჩის თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თურქეთში მაშველები გაგზავნა. გიორგი ჯანჯღავას თქმით, მეორე სამაშველო ჯგუფი, რომელიც 40 ქართველი მაშველისგან შედგება, უკვე ქალაქ ადიამანში იმყოფება. როგორც ის "რუსთავი 2-ის" ეთერში აცხადებს, თურქეთის საზღვარზე მიწისძვრის ეპიცენტრის მიმართულებით ქართველი მაშველებით დაკომპლექტებული კიდევ რამდენიმე მანქანა მიემართება.
"ეს რეგიონი მოიცავს 12-დან 14 მილიონამდე მოსახლეს, ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია. სერიოზული მასშტაბის კატასტროფა მოხდა. რა თქმა უნდა, თურქეთი არის მძლავრი სახელმწიფო მძლავრი ეკონომიკით, მაგრამ სტიქიას რომ გაუსწორდეს მარტო ძალიან გაუჭირდება.
ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც სამძიმარი გამოვუცხადეთ; ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენი პრემიერი, ვინც განკარგულება გასცა და წამოვიდა ჩვენი მაშველთა ჯგუფი. მაშველთა ჯგუფი მარტივად არ ჩამოსულა. თვითმფრინავით შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ აეროპორტების პრობლემა იყო, ამიტომ ყველაზე სწრაფი მარშრუტი დალაგდა შსს-ს სამაშველო დეპარტამენტიდან, ვინც წამოვიდა 65 მაშველი სრული ეკიპირებით, 12-14 საათი იყვნენ გზაში, თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან ჩამოვიდნენ ადიამანში, უკვე მუშაობენ, გადაარჩინეს ერთი 21 წლის გოგო.
აქ პრობლემა არის, უკვე თურქები თხოვენ სხვებსაც, რომ თუ არის შესაძლებლობა მაქსიმალურად დაგვეხმარეთ.
ახლა ჩვენი მეორე ჯგუფი ჩამოვიდა. შტაბის ხელმძღვანელიც არის, ჩვენი კურაციაა, მინისტრთან კომუნიკაცია, მინისტრი საათში ერთხელ გვირეკავს და გვეკითხება რა არის საჭირო, როგორ მიდის ძიება.
წარმოიდგინეთ, ერთი ნაწილი ჩვენი დიპლომატების არიან მიმაგრებული მოძიებაზე, მეორე ნაწილია სამაშველო ოპერაციაზე, იმათთან კოორდინირებაში არიან. სულ რამდენიმე საათის წინ კოორდინაციაში იყვნენ ჩვენ 40 მაშველთან, რომლებიც სტამბოლის აეროპორტში იმყოფებოდნენ. თურქებმა გამოუყვეს საფრენი საშუალება, ისინი უკვე ჩაფრინდნენ ადიამანში და შემოუერთდებიან სამაშველო ჯგუფებს. უკვე 105 მაშველია.
რამდენადაც ჩვენ ვიცით შინაგან საქმეთ სამინისტროსგან, კიდევ რამდენიმე მანქანა გადმოდის საზღვარზე.
105 კაციანი ჯგუფი პატარა არაა, მერწმუნეთ. მაგალითად, ჩინეთიდან იყო წამოსული 90 კაცი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 70-80-40 და ა.შ." - აცხადებს ელჩი "ღამის კურიერის" ეთერში.