როგორც დღეს გახდა ცნობილი, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა უცხოელ ექსპერტებს, ლობისტებს და იურისტებს შვილის თავისუფლების სანაცვლოდ ასი ათასობით დოლარს უხდის. აღნიშნულ ინფორმაციას "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება გრძელდება.
"ეს არც ისე მარტივი საკითხია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ამ კომენტატორებს შეიძლება ეჩვენებოდეთ, რომლებიც ცდილობენ ისე წარმოაჩინონ მდგომარეობა, რომ თითქოს ეს ტრივიალური სიტუაციაა და ა.შ. უზარმაზარ თანხებზეა საუბარი და აშკარად საუბარი არის ლობიზმზე, რა დროსაც აქვთ კონკრეტული ამოცანა ამ დაქირავებულ ადამიანებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ ჯანმრთელობის გადარჩენაზე, მათ არ იციან რა ხდება და ასეთ დროს, ბუნებრივად რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, ეს არის ექიმის მოყვანა, რაც იუსტიციის მინისტრმა პირადად შესთავაზა - თუ გული გეთანაღრებათ რომელიმე მკურნალობის მეთოდზე, რეკომენდებულ მანიპულაციებზე და ა.შ., მოიყვანეთ თქვენი ექიმი და ის მიხედავს. ერთი წელია ვკითხულობ, რომელი აპარატი აკლია და თუ სახელმწიფო ამას ვერ უზრუნველყოფს, მე ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ ამ შემთხვევაში რაღაც ვერ არის უზრუნველყოფილი, რაღაც არასათანადოდ მიმდინარეობს და ეს პრობლემა გადაიჭრება. ამას არავინ არ აკეთებს ერთი წელიწადია. მიდის მანიპუალციები და ლაპარაკი. ამიტომ ვამბობ, ამათ აწუხებთ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან არავითარი კრიტიკული მდგომარეობა და არავითარი სიკვდილის საფრთხე არ არსებობს, არამედ იციან, რომ ამ სიტუაციის სიმულაცია უნდა მოხდეს, რაღაც დრამატული სცენა უნდა დაიხატოს და ამ სურათის გამოყენება იქნება ხერხი სხვა ამოცანის გადაჭრისთვის," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.