თურქეთის საელჩოში სამძიმრის წიგნია გახსნილი - მოქალაქეები დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილების გამო ქვეყანას და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებენ. ცოტა ხნის წინ დიპლომატიურ მისიაში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა და მას პირადად მიუსამძიმრა.
საელჩოს გარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ. გამოფენილია ტრაგედიის ადგილზე გადაღებული ფოტოები.
"მტკივნეულია, რაც ხდება თურქეთში, აუცილებელია მხარდაჭერა და ისრაელის სახლი უერთდება ისრაელის ქვეყნის სახელმწიფოს მხარდაჭერას თურქეთის მიმართ და მჯერა, რომ ჩვენი სიმბოლური მხარდაჭერით გავუადვილებთ რაც ხდება რეგიონში, რაც ხდება თურქეთში," - განაცხადა ისრაელ-საქართველოს ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტმა თურქეთში დაშავებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.
"ჩვენ გვერდში ვდგავართ თურქეთის ხალხისა და ასევე ვართ ყველანაირად მზად, რომ დავეხმაროთ ამ მძიმე წუთებში. იცით, რომ პარლამენტმა დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება პარლამენტში და საქველმოქმედო აქცია დავიწყეთ. ჩვენ მივაწვდით ხვალ თურქეთის საელჩოს ჩვენს მიერ შეძენილ ტვირთს, რაც მერე გაეგზავნება თურქეთში. გარდა ამისა იცით, რომ საქართველო ფიზიკურადაც ეხმარება თურქეთს, ჩვენი მაშველები თურქეთში არიან და მონაწილეობას იღებენ მიწისძვრის შედეგად დამდგარი ზიანის აღმოფხვრაში.
საქართველო, როდესაც მას უჭირდა ყოველთვის გრძნობა თურქეთის დახმარებას და ეს ჩვენი მეგობრობის ნაწილია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი: ანუკა ბუავა