ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი მიზეზი ამჯერად აქციებია - პარტიის წევრების ნაწილი თვლის, რომ ახალი თავმჯდომარე ხალხის მობილიზაციას ვერ ახდენს, რასაც შედეგი არ ექნება.
ხაბეიშვილის მომხრეები კი თვლიან, რომ მათი თანაგუნდელები პირადი პოზიციებით ხელმძღვანელობენ და ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ვერ ეგუებიან.
"ეს აქციები ემსახურება იმას, რომ ადგილებზე მოხდეს იმ საპროტესტო მუხტის ორგანიზება, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს დიდ საპროტესტო მუხტამდე. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ აქ არ არის ერთეული ადამიანების ბრძოლა. თუ ვინმე ვერ შეეგუა იმ შედეგს, რაც დადგა "ნაციონალურ მოძრაობაში" და პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ეყოლება ახალი მენეჯმენტი, ეს მისი პირადი საქმეა," – აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ყველა აზრის მქონე მნიშვნელოვანი პოლიტფიგურა და ლიდერი, რომელიც პარტიაშია, ასევე პოლიტსაბჭოშიც უნდა იყოს.
"შესაძლებელია ჩვენი ერთიანობა მიუხედავად ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრისა. ამ აზრზე არის პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარეც. ყველა აზრის მქონე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ლიდერი, რომელიც არის "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა იყოს, მათ შორის, პოლიტიკურ საბჭოში, მით უმეტეს ის ადამიანები, ამ შემთხვევაში ნიკა მელია. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ბრძოლისთვის. ეს მიზნები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე პირადი უთანხმოება და წყენა, რომელიც ამ კამპანიის დროს წარმოიშვა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
პარალელურად უთანხმოების კიდევ ერთ საბაბად ისევ რჩება არაინფორმირებულობა. ნიკა მელიას მხარდამჭერები ამბობენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მათ არ აცნობენ და ისინი ცნობებს მედიისგან იღებენ.
"დასამალი არ არის, ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ფორმაცია ნამდვილად არ იყო მოსაწონი, იმ ადამიანების მოტოვება, რომლებსაც ბევრი წლის დამსახურება აქვთ პარტიასთან მიმართებაში. ის სასტარტო პოზიციები ძალიან ცუდია, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გადავხედავთ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. უნდა შევძლოთ, რომ ეს აქციები არა მარტო პარტიული აქტივით შემოიფარგლებოდეს, არამედ ჩართულობა იყოს დიდი. უნდა ვაცადოთ ახალ მენეჯმენტს, აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც დიდი სურვილი მაქვს, რომ მოყვანილი იქნება სისრულეში," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.