ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი მიზეზი ამჯერად აქციებია - პარტიის წევრების ნაწილი თვლის, რომ ახალი თავმჯდომარე ხალხის მობილიზაციას ვერ ახდენს, რასაც შედეგი არ ექნება.
მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერც პარლამენტში და ვერც ქუჩაში ვერაფერს აკეთებს და გაჭედილია პარლამენტსა და ქუჩას შორის.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაცმოძრაობაში" განვითარებული პროცესებით ხაბეიშვილი-ჩალაძის ტანდემი ხელმძღვანელობს.
"ვერც პარლამენტში ვერაფერს ვერ აკეთებენ, ვერც ქუჩაში ვერაფერს ვერ აკეთებენ, გაჭედილი არიან ახლა პარლამენტსა და ქუჩას შორის, სადღაც არიან, თვითონ არ იციან სად არიან. ხაბეიშვილი-ჩალაძის ტანდემი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ტანდემმა ეს პარტია, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებული ბოიკოტი პარლამენტის მუშაობაში არაფერს ცვლის. მისივე განმარტებით, ენმ-ს ერთადერთი მიზანი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა.
"არც მაშინ, როდესაც ფორმალურად არ იყვნენ ბოიკოტში, მატებდნენ რამეს საპარლამენტო საქმიანობას და ბოიკოტითაც დიდად არაფერი აკლდება საპარლამენტო საქმიანობას. პრობლემა არის არა იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული დეპუტატები ფიზიკურად არიან თუ არა დარბაზში, პრობლემა არის მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რომელიც დაფუძნებული არის ძალადობაზე. გასაგებია, რომ მათ არაფერი კონსტრუქციული არ შეუძლიათ, რომ შესძინონ ამ ქვეყანას. ერთადერთი ეს არის, რომ რამენაირად იქნებ შეძლონ, რომ ზიანი მიაყენონ. საქართველოსთვის გამოწვევა არის რადიკალიზაცია და რადიკალური ჯგუფები მნიშვნელოვანი არის, რომ რადიკალური ჯგუფები რაც შეიძლება მეტად გაირიყოს პოლიტიკიდან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.