Politico-ს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ პუტინის უკრაინასთან ომის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოსკოვში უფრო მეტი ფული გაგზავნა, ვიდრე კონფლიქტამდე, უკვე მოჰყვა შეფასებები.
პარტია "ქართული ოცნების"თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიც, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
"რეალურად ყველა სუბიექტი, აბსოლუტურად, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა - ყველა მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და არ დააზარალოს საკუთარი მოსახლეობა. როცა ამას ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში, ამაზე გვაწვება ოპოზიცია. მაგრამ რეალურად რომ გადახედოთ, რატომ არ შეწყვიტა აშშ-მ ვაჭრობა კონკრეტულ სფეროებში რუსეთთან, იგივე ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც გაიზარდა თანხების მოცულობა. თვითონვე ამბობდნენ, რომ დღეში მილიარდ ევროს ურიცხავდნენ რუსეთის ფედერაციას და აფინანსებდნენ ამით პირდაპირ ომს. რატომ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მათთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვა. ასეთ დროს უბრალოდ ჩვენი დამუნათება არის აბსოლუტურად არასამართლიანი, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, Politico ვრცელ სტატიას აქვეყნებს - "ომის დროს ევროკავშირის დაწესებული სანქციების დაგვიანებული გავლენა რუსეთზე". გამოცემა წერს, რომ პუტინის უკრაინასთან ომის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ბლოკმა მოსკოვში უფრო მეტი ფული გაგზავნა, ვიდრე კონფლიქტამდე. სტატიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მყისიერად დააწესა, თუმცა სანამ მოსკოვი რეალურ ზიანს იგრძნობდა ამას საკმაო დრო და ზომების ესკალაცია დასჭირდა.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, ნოემბერი იყო პირველი თვე, როდესაც ევროკავშირის იმპორტის ღირებულება რუსეთიდან უფრო დაბალი იყო, ვიდრე 2021 წლის იმავე თვეში. ცხრა თვის განმავლობაში უახლესი მონაცემები ხელმისაწვდომი არ იყო - გამოცემა ამის მიზეზად რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და ენერგეტიკული ფასების მკვეთრ ზრდას ასახელებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად შეამცირა სავაჭრო ნაკადები მოსკოვთან - თუმცა ზოგმა კვლავ განაგრძო მათი გაზრდა გასული წლის ბოლოს. ბლოკის მხოლოდ ოთხმა წევრმა განახორციელა მეტი ექსპორტი რუსეთში თებერვლიდან ნოემბრამდე, ვიდრე საშუალოდ 2017-21 წლებში: ესენია სლოვენია, ლატვია, ხორვატია და ირლანდია.