14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რატი ბრეგაძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. მთავრობის მეთაურმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ აქტივობაზე, რასაც უწყება მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს.

სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით, ყურადღება გამახვილდა 2022 წელს დაწყებულ პროექტებზე - მიწის სისტემური რეგისტრაცია და სისტემური დამისამართება. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სახელმწიფო 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქისათვის უსასყიდლოდ აზომავს დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. სისტემური დამისამართების პროექტის ფარგლებში კი მოხდება ქვეყნის მასშტაბით 78% დაუმისამართებელი დასახლებების დამისამართება.

საუბარი შეეხეო ახალი იუსტიციის სახლების მშენებლობას. 2023 წელს იუსტიციის სახლები გაიხსნება ზესტაფონში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ახმეტასა და ხაშურში. დაიწყება მშენებლობები ხელვაჩაურში, ცაისში, ტოლებში, ზოტში, საჩხერეში, შროშაში, მცხეთაში, საგარეჯოში, გლდანში. გაფართოვდება მობილური იუსტიციის სახლის არეალი, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება და მომსახურება ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი. გაგრძელდება ინოვაციური სერვისების დანერგვა. მათ შორის იქნება იუსტიციის სახლის ახალი პროექტები - პერსონალური ასისტენტი, თვითმომსახურების სმარტ სივრცე და ხელოვნური ინტელექტი სატელეფონო მომსახურების სფეროში. იგეგმება სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის შექმნა.

საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით, იგეგმება ახალი პენიტენციური კოდექსის მიღება, რომელიც გააუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. ლაითურში გაიხსნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, გაგრძელდება და გაფართოვდება პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტები. საუბარი შეეხო, აგრეთვე ციფრული უნივერსიტეტის პროექტსა და სპორტის მართვის სისტემას.

2023 წლის კიდევ ერთი სიახლე იქნება სტუდია „იუსტიციის“ ამოქმედება სტუდია იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, მოახდენს იურიდიული პროფესიის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას.
საუბარი შეეხო პრობაციის სისტემას, ხაზი გაესვა გატარებულ რეფორმებს, რომლის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს პრობბოქსი; წარმოდგენილი იქნა განრიდება-მედიაციის და არასრულწლოვანთა რეფერირების ახალი სივრცეების გახსნის გეგმა საქართველოს მასშტაბით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში. მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთს ყველა დავა მოუგო სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, აქტიური მუშაობა წარიმართება, რათა ეფექტიანად აღსრულდეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები.

აღინიშნა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ საჩივრების კლების მკვეთრ ტენდენცია. 2023 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 155 საჩივარი, რაც ისტორიული მინიმუმია. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს. საჩივრების აშკარა კლება საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგია - საქართველოს მოსახლეობას დაუბრუნდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა და მათ საკუთარი უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით შეუძლიათ.

გააქტიურდება თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან - მაღალი დონის შეხვედრები და სამართლებრივი ფორუმები 20-მდე სახელმწიფოსთანაა დაგეგმილი.

დღის ამბები