14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
მილიონი ლობიზმისთვის - საიდან აქვს გიული ალასანიას ლობისტებისთვის ფული და კიდევ რა კითხვები აქვს პატიმრის ოჯახთან მმართველ გუნდს 

გიული ალასანია არ პასუხობს, საიდან აქვს მიხეილ სააკაშვილს, ან მის ოჯახს საშუალება, რომ ”აკერმანის იურიდიულ ჯგუფს” ლობისტური საქმიანობისთვის მილიონზე მეტი გადაუხადოს. ახსნა "ნაციონალურ მოძრაობაში” სცადეს. თქვეს, რომ სააკაშვილს და მის ოჯახს თანხის შეგროვებაში მეგობრები და მხარდამჭერები დაეხმარნენ.

სააკაშვილის გარემოცვის განმარტება პასუხისგან თავის არიდების მცდელობაა მმართველი პარტიისთვის. ”ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები ცრუობენ, რადგან თანხა, რომელსაც გიული ალასანია განკარგავდა, არალეგალური წარმომავლობისაა.

ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს ოპოზიციის ნაწილსაც. პოლიტიკური ძალებისთვის გაუგებარია, თუ სააკაშვილის ოჯახს კანონის გვერდის ავლით არ მიუღია შემოსავალი, რატომ ცდილობენ კითხვები უპასუხოდ დატოვონ.

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გააქტიურებისთვის 2 დიდი კონტრაქტი გააფორმა. ერთის მიხედვით, ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი თანხა 917 ათასი დოლარია.

”აკერმანის იურიდიულმა ჯგუფმა” ამ თანხის სანაცვლოდ აიღო ვალდებულება პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან დაკავშირებით, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და ჩინოვნიკების, ასევე შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენელთა მხარდაჭერა. გარდა ამისა, გასაჯაროვდა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ლობისტების გარდა, ექიმებისა და ექსპერტების დაქირავებას გულისხმობს. სამედიცინო დასკვნების მომზადებისთვის მათთვის გადახდილმა თანხამ, 357 ათას დოლარს გადააჭარბა. ყველა ეს ხარჯი საპარლამენტო უმრავლესობისთვის შემოსავლებთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებს ამყარებს.

გიული ალასანიას მიერ ლობისტურ კომპანიასთან დადებული კონტრაქტის პირობები ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა. ამას შტატების კანონმდებლობა ითვალისწინებს, თუმცა სახელისუფლებო გუნდში არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი ლობიზმისთვის გაცილებით უფრო დიდი თანხებს იხდიდნენ, ვიდრე ეს გუშინ გამოაშკარავებული მილიონზე მეტი დოლარია.

დღის ამბები