ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების წერილს, რომელიც დასავლურ მედიაში ცენზურის არსებობას ეხებოდა, მალევე ფილოსოფოსი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ზაზა შათირიშვილი გამოეხმაურა. ანალიტიკოსი ბრიტანულ და შვეიცარიულ მედიაში, "კრედიტ სუისის" მენეჯმენტის მამხილებელი მასალის დაბლოკვას, შეერთებული შტატებში მოქმედ გარკვეულ გავლენიან ჯგუფებს უკავშირებს. შათირიშვილის თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ მოქმედება, ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყო.
ფილოსოფოსი წერილში იმასაც განმარტავს, რომ ევროპულ სივრცეში მედიისა და პოლიტიკის კონტროლს შტატებში მოქმედი გავლენიანი ოჯახები ახორციელებენ. შათირიშვილი კომპანია "ბლექროკზე" საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, სწორედ "კრედიტ სუისის" უმსხვილესი აქციონერია. ანალიტიკოსის აზრით, სქემა მარტივია - ბიძინა ივანიშვილის შანტაჟსს საქართველოს ომში ჩართვის მიზნით ცდილობენ.
შათირიშვილის მოსაზრებებს არასერიოზულს და შეთქმულების თეორიის ტირაჟირებას უწოდებს ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა შათირიშვილი სახელმწიფო მოხელე არაა, პოლიტიკოსების აზრით, მსგავსი რიტორიკა ქვეყანაში დასავლურ განწყობებს აზიანებს.
ის, რომ დასავლეთში გარკვეულ წრეებს საქართველოს მიმართ სუბიექტური ინტერესი ამოძრავებთ, არ უკვირთ "ქართულ ოცნებაში". მმართველი ძალის ლიდერებმა დღეს ევროპულ ინსტიტუციებს "კრედიტ სუისის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებისკენაც მოუწოდეს. პოლიტიკოსების აზრით, გლობალურად მოქმედი ქსელი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლას კუთვნილი ქონების უსამართლოდ ბლოკირებით ცდილობს. კანონმდებლების აზრით, საქართველოს ომში ჩართვა მათი სტრატეგიის მთავარი მიზანია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ინტერესების დამცველმა საადვოკატო კომპანიამ სპეციალური მიმართვა გუშინ გამოაქვეყნა. ემ ქეი დი-იში ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტის მხილების საშუალებას დასავლური მედია არ აძლევს. ივანიშვილი კრედიტ სუისთან კუთვნილი 2 მილიარდის განკარგვაზე წვდომის შეზღუდვის გამო წლებია საერთაშორისო სასამართლოებში დავობს.