14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
""ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტით, საპარლამენტო ბენეფიტებზე უარის თქმის გარეშე, კომფორტულ გარემოს იქმნის" - შეფასებები ენმ-ის საპარლამენტო ბოიკოტზე


"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ენმ-ს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება ვერ იქნება გახდის ხელისუფლებას იძულებულს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგას.

"ნებისმიერი მოქმედება უნდა იყოს მიზანთან შესაბამისობაში და უნდა მიჰყავდეს იქითკენ, რა მიზანიც ამ ყველაფერს აქვს. ამ ვითარებაში ბოიკოტი, მითუმეტეს არაერთგზის, მე ვფიქრობ რომ გამართლებულია და არ ვფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მაიძულებელი ბერკეტი ხელისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით," - თქვა აქუბარდიამ.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება.

"რა აზრი აქვს ამას, რა შედეგს მიიღებ სასესიო დარბაზში რომ არ შედიხარ, ამიტომ მე იმედი მაქვს რომ დაბრუნდებიან და მართლა ძალიან საჭიროა რომ ოპოზიცია აქ იყოს. რამდენიმე ოპოზიციონერი, რომელიც ახლა პარლამენტში მუშაობს, უბრალოდ ვერ გავუმკლავდებით იმ მავნებლობის ნაკადს, რომელიც "ქართული ოცნებიდან" მოდის," - ამბობს რაქვიაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტით, საპარლამენტო ბენეფიტებზე უარის თქმის გარეშე - კომფორტულ გარემოს იქმნის.

"ვერ ელევიან პრივილეგიებს, რომელსაც საპარლამენტო საქმიანობა იძლევა, მეორე მხრივ ცდილობენ რაღაც ბოიკოტი გამოხატონ. ძალიან კომფორტულია მათთვის, ბოიკოტს გამოაცხადებენ, დასხდებიან სახლში და ის ბენეფიტები, რომელიც უნდა მიეღოთ საპარლამენტო ცხოვრებიდან - კვლავაც მიიღებენ. რეალურად საპარლამენტო ცხოვრება არის შრომა, არის საქმიანობა, კეთილი ინებოს ყველამ და ამ შრომაში მიიღოს მონაწილეობა," - აცხადებს მათიკაშვილი.

დღის ამბები