თურქეთის საელჩოსა და კიდევ ოთხ პუნქტში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ავჭალაში გროვდება, საიდანაც უკვე დაიძრა ოთხი სატვირთო ავტომობილი. სტიქიის ზონაში ჩაიტანენ მედიკამენტებს, პირველადი მოხმარების ნივთებს, პროდუქტებს, ტანსაცმელს.
ცოტა ხნის წინ საწყობში საქართველოში თურქეთის ელჩი მივიდა, მან მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"საელჩოში პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ, იმისათვის რომ ჩანაწერი გაეკეთებინათ ჩვენს სამძიმრის წიგნში. მათ, ასევე, პირადად მითხრეს იმ ფინანსური დახმარების შესახებ, რომლის მობილიზებასაც საქართველო ახდენს. საქართველოდან ოფიციალური დახმარების გარდა, ჩემ უკან დგას სატვირთო მანქანები, რომლებიც ორგანიზებულია თურქეთის ბიზნეს საზოგადოების მიერ, ეს გვიჩვენებს ჩვენი ქართველი ძმებისა და დების გულუხვობას, აქაური, თურქული თემის გულუხვობას.
საქართველო იყო პირველი იმ ქვეყნებს შორის, ვინც დაგვეხმარა. მათ გააგზავნეს ძალიან პროფესიონალური გუნდი, ასობით სამძებრო და სამაშველო თანამშრომელი ადიამანის პროვინციაში, როგორც ვიცი მათ ნანგრევებიდან უკვე გამოიყვანეს 3 ადამიანი. საქართველო ჩვენთან დგას ამ კატასტროფის პირველივე დღიდან, ასე რომ ჩემი გულწრფელი მადლობა საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს, თურქ საზოგადოებას, ჩვენს ქართველ მეგობრებს, ჩვენს ქართველ ძმებსა და დებს, რომლებმაც მარტო არ დაგვტოვეს, ძალიან დიდი მადლობა," - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.