14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
სამადაშვილი მთავრობის ოპონირებას კი არ ახდენს, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, რაც აგენტოკრატიის კლასიკური მაგალითია - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სამწუხაროდ, სალომე სამადაშვილს არასდროს უხარია, როდესაც საქართველოს სასარგებლოდ კეთდება განცხადება, ან მიიღება გადაწყვეტილება. 

მისივე თქმით, სამადაშვილის მიზანი არა მთავრობის ოპონირება, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებების კეთებაა. 

"სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით არა მგონია, ბევრი კომენტარი იყოს საჭირო, რადგან იგი არის მიკერძოებული, ოღონდ არა პოლიტიკურად, არამედ სახელმწიფოებრივად. სამწუხაროდ, მას არასდროს უხარია, როდესაც საქართველოს სასარგებლოდ კეთდება განცხადება, ან მიიღება გადაწყვეტილება, ამიტომ აღარ მიკვირს, როდესაც ეს ყველაფერი აღიზიანებს. სამადაშვილი, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელ,ი მთავრობის ოპონირებას კი არ ახდენს, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, რაც აგენტოკრატიის კლასიკური მაგალითია.

რაც შეეხება აშშ-ის თავდაცვის მდივნის გზავნილს, მან ობიექტურად აღნიშნა, რომ საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა გზა ევროინტეგრაციისკენ და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში, რაც სწორი და ობიექტურია.

ესაა პროამერიკულ-პროქართული განცხადება და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქართულ-ამერიკულ პარტნიორულ ურთიერთობებს. თუმცა როდესაც მანამდე არსებული განცხადებები საპირისპიროს ამტკიცებს, რომ თითქოს საქართველოში დემოკრატია უკუღმა მიდის, კორუფციაა, აწამებენ პატიმარს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს უსმენს, ხედავს და ამბობს, რომ ეს ორივე არ შეიძლება ერთმანეთის თანადროული იყოს. როდესაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენ, „ხალხის ძალა“, საზოგადოებას სიმართლეს ვეუბნებით, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რომელი განცხადებაა ობიექტური და რომელი - არა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები