14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
საქართველოს მხარდაჭერა თურქეთს - პრემიერის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, თანხა დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საჭიროებების შესყიდვას და სტიქიის ზონაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.

პრემიერი დღეს თურქეთის საელჩოშიც იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა პირადად გამოუცხადა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას და თანაგრძნობის გამოცხადებას წამყვანი თურქული მედიასაშუალებები ეხმაურებიან. "ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო"; "პრემიერის სამძიმარი თურქ ხალხს"- ამ სათაურებით ავრცელებს პრესა ინფორმაციას. მედიასაშუალებები დაზარალებული ქვეყნის მიმართ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გამოხატულ სოლიდარობაზეც საუბრობენ.

თურქეთის ელჩს თანადგომა გამოუცხადეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც. ვახტანგ გომელაურმა და ილია დარჩიაშვილმა დიპლომატს პირადად მიუსამძიმრეს.

სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 4 სატვირთო ავტომობილი დედაქალაქიდან დღეს დაიძრა. მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტები და ტანსაცმელი თურქეთის საელჩოს გარდა, რამდენიმე მისამართზე შეგროვდა. თურქეთის დახმარების ფონდში უკვე გადაირიცხა 197 000 ლარი, რომელიც მოქალაქეებმა შეაგროვეს. ჰუმანიტარულ აქციაში სკოლები, უნივერსიტეტები და კერძო კომპანიებიც მონაწილეობდნენ.

კატასტროფის ზონაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის პროცესს პირადად აკვირდებოდა თურქეთის ელჩი. ალი ქაან ორბაიმ საქართველოს მოქალაქეებსა და პრემიერს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თურქეთის დაზარალებული პროვინციებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს ამზადებს საქართველოს პარლამენტიც.  

ავტორი: ანუკა ბუავა

 

დღის ამბები