14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ბრიუსელის 12 დავალებიდან კიდევ ერთი შესრულდა - დღეიდან ქვეყანას ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ბრიუსელის 12 დავალებიდან კიდევ ერთი შესრულდა - დღეიდან ქვეყანას ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობაზე რაჟდენ კუპრაშვილის დანიშვნას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. მანამდე კი ევროკომისიის მეოთხე პუნქტის შესასრულებლად ხანგრძლივი საკანონმდებლო მუშაობა მიმდინარეობდა. ბიუროს ახალი ხელმძღვანელიც სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

ოპოზიცია ბიუროს ფუნქციებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მას საგამოძიებო უფლებამოსილებაც უნდა ჰქონდეს. უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი პრემიერის მიერ ხელმძღვანელის დანიშვნაა. ოპონენტების პრეტენზიებს "ოცნება" არ იზიარებს, მმართველი გუნდი ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯზე საუბრობს.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე ევროპის დავალების შესასრულებლად საკონკურსო კომისიამ პრემიერს სამი კანდიდატი წარუდგინა. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ რაჟდენ კუპრაშვილი იყო. ბიუროს ახალი ხელმძღვანელის შერჩევის გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპულ გზაზე კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

ბიუროს ფუნქციას აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილი. მათი განცხადებით, ანტიკორუფციულ ორგანოს საგამოძიებო ფუნქციაც უნდა ჰქონდეს. ამბობენ იმასაც, რომ ევროპული მომავლისთვის ისევე აუცილებელია კორუფციის დაბალი ინდექსი, როგორც თავად ბიუროს შექმნა.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნას ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულ პროცესად აფასებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სტრუქტურა თავის საქმიანობას საზოგადოების ფართო წრისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

რაჟდენ კუპრაშვილი დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მანამდე კი მას შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის დირექტორის პოზიცია ეკავა.

დღის ამბები