14 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ისევ აქციები და პროტესტი - ენმ საგანგებო რეჟიმზეა, ახალი თავმჯდომარის გაწერილი გეგმით პარტია ისევ ქუჩის გზას დაადგა

ისევ აქციები და პროტესტი - "ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო რეჟიმზეა. ახალმა თავმჯდომარემ ახალი, თუმცა მრავალჯერ ნაცადი და ვერ გამართლებული გეგმა გაწერა - პარტია ისევ ქუჩის გზას დაადგა.

მოვლენათა ეპიცენტრი ახლა დასავლეთ საქართველოა, ხაბეიშვილი მხარდამჭერებს ვერ აგროვებს, მაგრამ რადიკალური პათოსი მაინც უცვლელია. თავმჯდომარეს პარტიაშივე აკრიტიკებენ და ეუბნებიან, რომ ამომრჩეველი იმ არაორგანიზებულ აქციებს არ იმსახურებს, რაც დღეს ხდება. 

დღეს აქცია შეკვეთილში გაიმართა. შეკრება ბევრად უფრო ადრე დაიწყეს. შეკვეთილამდე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილი და მათი მხარდამჭერები ჯერ სხვა რეგიონებში შეგროვდნენ. კოლონები სამეგრელოდან, იმერეთიდან, აჭარიდან და გურიიდან დაიძრა, ზუსტად სამზე კი ბიძინა ივანიშვილის იმ სახლთან შეჩერდა, სადაც თავად ივანიშვილი არ იმყოფებოდა.

აქციას ლევან ხაბეიშვილი თავის გუნდთან ერთად ესწრებოდა. ამ შემთხვევაში შეკრებაზე, თავი ნიკა მელიას თანამოაზრეებმაც მოიყარეს, თუმცა მხოლოდ რეგიონული ორგანიზაციებიდან. ყოფილი თავმჯდომარე და პარტიის ძველი სახეები არც შეკვეთილში ყოფილან. ისინი ამ დრომდე უკმაყოფილოები არიან პროტესტის იმ ფორმებით, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა მენეჯმენტმა აირჩია. მელიას გუნდი ხაბეიშვილისგან უფრო მეტს ელის.

უკვე რამდენიმე დღეა, ლევან ხაბეიშვილი დაპირისპირებული გუნდის განცხადებებს პასუხობს. პარტიის ახალი თავმჯდომარე ამბობს მხოლოდ იმას, რომ მის მიერ დაორგანიზებულ პროტესტს შედეგიც ექნება და საბოლოოდ, ფართომასშტაბიან სახესაც მიიღებს. აქციაზე მყოფნი დღეს ამტკიცებდნენ, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, პარტია მაინც ერთიანია.

"ნაციონალური მოძრაობის" პროტესტს შედეგი რომ არ ექნება - დღეს კიდევ ერთხელ თქვეს მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროცესები, რომელიც ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს მხოლოდ ამ ძალას ასუსტებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში"” განვითარებულ მოვლენებს დღეს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ეს ოპოზიციური ძალა საკუთარი გადაწყვეტილებებით დღითიდღე უფრო სუსტდება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. პროტესტი აქციებსა და საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირებაში გამოიხატება, თუმცა პარტიის წევრები სადეპუტატო მანდატებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.

დღის ამბები