14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი - კულტურის მინისტრის მთავარი მოწოდება, ერთი მხრივ, არის კულტურული ძეგლების გაფრთხილება და სხვა მხრივ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

კულტურის მინისტრის მთავარი მოწოდება, ერთი მხრივ, არის კულტურული ძეგლების გაფრთხილება და სხვა მხრივ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ "საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი ხელოვნების სასახლეს არ დაუბრუნა, ნამუშევრებისთვის ათონელის რეზიდენციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი შევიდა და რომ შესაძლებელია ერთ-ერთი ნახატი დაზიანებული იყოს“.

"პრეზიდენტის საკითხს არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავთ, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მთავარი მოწოდება ერთი მხრივ, კულტურული ძეგლების გაფრთხილება და სხვა მხრივ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა. ამ მხრივ მოქმედებს კულტურის მინისტრი", – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნახატის ნაცვლად დატოვებული წარწერის შესახებ, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაწყებულია გამოძიება და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით აქცია გამართეს.

"ფაქტია, რომ სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ბრძოლაა ქარის წისქვილებთან. სწორედ თეა წულუკიანის მოწოდებაა, მათ შორის ის, რომ თანამედროვე ხელოვანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათ შესახებ უკეთ გაეცნო ქართულ და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას. საუბარი, თითქოს რაღაც თავისუფლებებია შეზღუდული, იმ დროს, როდესაც თავად ეს ხელოვანი პირველად გამოიფინა სახელმწიფო გალერეაში, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ეს არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა და უარეს შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ, მათ შორის სახეები, ვინც არიან ჩართული. სამწუხაროდ, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს ეს ჯგუფი, რომელიც უბრალოდ საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ზიზღით არის შეპყრობილი და ეძებენ საბაბს, იქნებ როგორმე გარკვეული აღშფოთება გამოიწვიონ. ეს იქნება ადამიანის სიკვდილი, რაიმე კატასტროფა. მათთვის ყველაფერი არის საბაბი, რამენაირად შეარყიონ საქართველოს ხელისუფლება", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები