მიუხედავად რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შესაძლებლობების შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება - ეს მოცემულობა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე შეკრებილებს განუცხადა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული იდეებისადმი ერთგულების შედეგია.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სტაბილური და მზარდი ეკონომიკური გარემოა. ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნება, ინფლაციის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა. მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.
ეკონომიკური პოლიტიკის დადებითი ტენდენცია, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების წინაპირობაა. ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო, ანაკლიის პორტის მშენებლობა და შავი ზღვის ენერგოკაბელი. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო დაახლოებს.
პრემიერი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს გაცხადებული სურვილია. ღარიბაშვილის თქმით, გადამწყვეტი გზა ქვეყანას წინ აქვს და ამ ვითარებაში იმედს იტოვებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა დასახულ მიზანს დამსახურებულად მიაღწევს.
საქართველოში რომ ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოა, ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად მიაწოდა კლაუს შვაბს. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარესთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიული სატრანზიტო მდებარეობის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კლაუს შვაბმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს. კლაუს შვაბთან ნაყოფიერი საუბარი პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერში დაწერა, რომ საქართველოს მომავალზე აქცენტირებული პოლიტიკა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობისა და ვაჭრობის არნახული ზრდის პოტენციალი შეხვედრის მთავარი თემა იყო. პრემიერ-მინისტრი დუბაიში, ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელსაც შეხვდა და მასთან ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ქართულმა მხარემ დღეს მემორანდუმიც გააფორმა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო მმართველობის განვითარებისა და მოდერნიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ხელმოწერამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს, მსოფლიოს მთავრობათა სამიტის წარმატებით ჩატარება მიულოცა და ხაზი გაუსვა სამიტში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტზე მას შესაძლებლობა ჰქონდა წარმოეჩინა ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონალური დამაკავშირებლის, პოტენციალი.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოიყენოს თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნესკლიმატი სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძლობისთვის მადლობა კოლეგას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელის საშუალებითაც გადაუხადა.
პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია მსოფლიოს მთავრობათა სამიტში პირველად მონაწილეობს. სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეებისთვის ექსკლუზიურად წარედგინა ინფორმაცია საქართველოში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური პროექტების შესახებ. საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა - ასე შეაფასა სამიტში მონაწილეობა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეჩინა მიღწევები და პრიორიტეტები და განიხილა საქართველოს პოლიტიკა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.