3 თვიანი ლოდინის შემდეგ სვიმონ დადიანის 5 ფერწერული ტილო, ათონელის რეზიდენციიდან, ხელოვნების სასახლეში დააბრუნეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რესტავრატორებთან ერთად დილის 11 საათზე გამოჩნდა, ხელოვნების ნიმუშები დაასურათა და ტრანსპორტირებისთვის მოამზადა. ნახატები ქვეყნის მთავარსარდალს 2 წლის ვადით, 2020 წლის 30 ნოემბრიდან - 2022 წლის 30 ნოემბრამდე გადაეცა, თუმცა ზურაბიშვილის რეზიდენციამ ნამუშევრების დათმობა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კულტურის სამინისტრომ წერილობით, მოსალოდნელი სამართლებრივი რეაგირების შესახებ გააფრთხილა.
"სიმეტრია და სიმკვეთრე", "სიღრმე", "სისწორე და სილამაზე", "ქვაკუთხედი" და "სიმშვიდე"- სვიმონ დადიანის 5 ნამუშევრიდან სამს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს. რესტავრატორის დასკვნით დგინდება, რომ ერთ-ერთი ნახატი, მარჯვენა შუა კიდესთან ჩახეულია, რის გამოც ფერიც, გრუნტიც და ტილოც დაზიანებულია.
როდის და სად დაზიანდა მე-20 საუკუნის ხელოვნების ნიმუშები არ იციან ზურაბიშვილის რეზიდენციაში. დღეს ათონელზე მისულმა პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, მის ნაცვლად სასახლეში განაცხადეს, რომ ნამუშევრები საქართველოში შტატებიდან, საფრანგეთის გავლით ჩამოვიდა და დაზიანებებიც შესაძლოა ტრანსპორტირების დროს მიეღო. ზურაბიშვილის მრჩეველი ამტკიცებს, რომ მემორანდუმის ვადები არ დარღვეულა და ახლა ფერწერული ტილოების ახალ მისამართზე გადატანას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და ოპოზიციაც ეჭვობს, რომ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოხატული პოზიციის გამო დასაჯეს, საუბარია ხელოვან სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერ ფეისბუქ პოსტზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე დაწერა.
პოლიტიკურ მოტივაციას გამორიცხავს მმართველი გუნდი და პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.
ათონელის რეზიდენციიდან გატანილ ნამუშევრებს ექსპერტები უახლოეს დღეებში შეისწავლიან. დაზიანებების ხარისხთან დაკავშირებით დასკვნა რესტავრატორებმა უნდა დადონ.