დიდი პაუზის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი პირველად რუსი ჟურნალისტის "მარკ ფეიგინის" "იუთუბ არხზე" გამოჩნდა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრმა და ყოფილმა პატიმარმა თქვა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო შეწუხებულია.
მერაბიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" მისი ფავორიტებიც შეაქო და ხელისუფლების შესაცვლელად დიდი მოძრაობა დაანონსა. ინტერვიუს შემდეგ ექსპრემიერი სოციალურ ქსელშიც გააქტიურდა და მომხრეებისთვის საპროტესტო განრიგი გამოაქვეყნა.
წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" ხერხემლად წოდებული მერაბიშვილი პირველ წინააღმდეგობას მალევე საკუთარ პარტიაში შეხვდა. ე.წ. მელიას ფლანგი მერაბიშვილს ისევ რეტროგრად პოლიტიკოსს უწოდებს და მარცხის ფორმულასთან აიგივებს.
მერაბიშვილის პერსონა რომ შიდაპარტიული დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ეს დღეს მოქმედი თავმჯდომარის გუნდის წევრების განცხადებიდანაც გამოჩნდა. ხაბეიშვილის მომხრეების აზრით, მერაბიშვილი საერთო ოპოზიციური მიზნის მისაღწევად პოზიტიურ როლს შეასრულებს.
მერაბიშვილის გააქტიურება "ქართულ ოცნებაში" არ გაჰკვირვებიათ. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ "ნაცმოძრაობის" სახეს ყველაზე რეალურად სწორედ მერაბიშვილ- ხაბეიშვილის ტანდემი გამოხატავს.
მერაბიშვილის პოლიტიკურ მეორედ მოსვლას დიდი მხარდაჭერა არც ოპოზიციურ ფლანგზე მოჰყოლია. ნასამართლევ ყოფილ ძალოვანთან კითხვები მხოლოდ უმცროსი ვაშაძის პარტიაში არ აქვთ. დიდი ნაწილისთვის კი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური კულისებიდან გამოსვლა წარსულში დაბრუნებაა.
ყოფილი მაღალჩინოსნის მოწოდებებს და სურვილებს "ნაციონალური მოძრაობის" თვითლუსტრაცია უწოდეს საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, "პოლიციური რეჟიმის" შემქმნელისგან ადამიანის უფლებებზე საუბარი ირონიულად ჟღერს. მმართველი პარტიის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ახალ მოცემულობაში "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი მხოლოდ დესტრუქციული იქნება.
მოახერხებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებული მერაბიშვილი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციას 20 თებერვალს დანონსებულ აქციაზე გამოჩნდება. მანამდე კი, ექსპრემიერის ფავორიტი თავმჯდომარე და "ნაცმოძრაობის" აქტივი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ყოველდღიური აქციებით ცდილობს.