უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიცირა. ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელშიც დარეგისტრირდებიან ის სუბიექტები, რომლებიც 20 %-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოური არხებით და რომელთა
მიზანია საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა. "ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ პროექტის შედგენისას იხელმძღვანელეს შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკით.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან,"-აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.
ამასთან, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არა ვინმეს შეზღუდვა, არამედ ხალხის ინფორმირებაა.
"იყო რამდენიმე მიმართვა და დახურული იყო მათი დაფინანსების გამჭვირვალობა. თავისთავად სიტუაციამ მოიტანა, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები გასცდნენ თავის უფლებამოსილებას, დაიწყეს პოლიტიკური განცხადებები და ხელისუფლების გადაყენებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ბევრი ეჭვები არსებობდა. ჩვენ ავიღეთ პრაქტიკა აშშ-ი, ისრაელი, ავსტრალია- ეს კანონი იქ ვრცელდება. გამჭვირვალობის პროცესია, რომ ყველამ ვიცოდეთ ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს,"-აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.