"ნაცმოძრაობის" წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ჩალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზული და უხერხულია. "ამ ადამიანზე კომენტარების კეთება საკმაოდ არასერიოზული და უხერხულიც არის. მან, პირველ რიგში, იმ შტაბს მიხედოს ახლა, რასაც ხელმძღვანელობს. ერთი ნაწილი არის საინტერესო, რომ ეს ადამიანებიც აიგივებენ მიხეილ სააკაშვილის პროცესს იმ გაურკვეველ და უსამართლო პროცესებთან, რაც შვეიცარიის ბანკის მაგალითზე ხდება, სადაც არ იკვეთება არც ეკონომიკური, არც პარტნიორული ინტერესები, არამედ მხოლოდ პოლიტიკური არის, ამ ეტაპზე, გამოკვეთილი. ასე რომ, აქაც საზოგადოებამ გამოიტანოს ობიექტური დასკვნები," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. რაც შეეხება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ქადაგიშვილს, მისი განცხადებით, "ნაცმოძრაობა" ამგვარი განცხადებით შანტაჟზე გადმოდის. "არასერიოზულ პროცესთან გვაქვს საქმე, რომელიც, სამწუხაროდ, ევროკავშირის მასშტაბით ევროპარლამენტში არის გადატანილი. ანუ, პირდაპირ შანტაჟზე გადმოდიან, რა შუაშია ერთი და მეორე საკითხი. მაგრამ, ეს არის ერთიანი შანტაჟის სქემა საქართველოს წინააღმდეგ და არა მარტო ბიძინა ივანიშვილია აქ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჩალაძემ გუშინ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბლოკილი ფულის გამოსახსნელ პროცესებს თავად ჩაუდგება სათავეში იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ.