თბილისის მისიისთვის ბაიდენი ახალ დიპლომატს ამზადებს. რობინ დანიგანი, აშშ-ის საგარეო სამსახურში უფროსი თანამშრომელი და 30 წლიანი გამოცდილების კარიერული დიპლომატია. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა სენატზეა, თუ კანონმდებლებმა მწვანე შუქი აანთეს საქართველოში დეგნანს სწორედ დანიგანი ჩაანაცვლებს.
რობინ დანიგანს სულ ბოლო მისია ვენაში ჰქონდა : 2018-2021 წლებში. ავსტრიის დედაქალაქში ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მოგვიანებით კი ელჩის მოადგილე იყო. თუმცა ცენტრალური ევროპის გარდა, დიპლომატის ინტერესის სფერო აღმოსავლეთ ევროპაცაა. ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში ის სწორედ ამ ორი რეგიონის ბიუროში - ბლინკენის პირად თანაშემწეთა რიგებშია. კერძოდ, ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტში კარენ დონფრიდის მოადგილეა. პოლიტიკური სპექტრი დანიგანთან აქტიური თანამშრომლობის მოლოდინშია.
ბაიდენის ახალი რჩეულის გამოცდილება მჭიდროდაა კავშირში ენერგეტიკასთან. ამ მხრივ 2014-2017 წლებში ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეც იყო და პირადად იყო ჩართული აშშ-ს ენერგეტიკული რესურსების მართვაში გლობალურ ბაზარზე. დანიგანი მუშაობდა ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და ელ-სალვადორის საელჩოებში, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკისა და სანქციების საკითხებზე. სწორედ ამ გამოცდილების გამო მმართველ გუნდისთვის ის საინტერესო კანდიდატია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი კი, რომელიც მოქმედი ელჩის კრიტიკით გამოირჩევა, ახალი სახის მიმართ მოლოდინებს საკუთარი საგარეო ხედვების შესაბამისად გამოთქვამს.
რაც შეეხება რობინ დანიგანის განათლებას - სახელმწიფო დეპარტამენტი მის დოსიეში წერს, რომ ის ეროვნული ომის კოლეჯის წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. აქვს მაგისტრისა და ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი ჯორჯტაუნისა და ბერკლის უნივერსიტეტებიდან. დიპლომატი საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.