უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ მრავალწლიანი დუმილი დმიტრი გორდონთან ინტერვიუში დაარღვია. არმიის გენერლის, ნიკოლაი მალომუჟის განცხადებით, სააკაშვილი და პოროშენკო დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად განიხილებოდნენ და მათთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ, რომლებიც კგბ-ს დაქვემდებარებაში იყვნენ.
რუსეთის სპეცსამსახურებთან სააკაშვილის შესაძლო თანამშრომლობას არ ადასტურებენ მისი თანაპარტიელები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ეჭვი არ ეპარებათ, რომ მოსკოვი მათი ლიდერის არა მოკავშირე არამედ მტერია.
ის, რაც არასერიოზულია მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის, სერიოზულ კითხვებს უჩენს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე განმარტება თავად ექს-პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.
თუ ოპოზიციას კითხვები აქვს სპეცსამსახურებთან სააკაშვილის თანამშრომლობაზე, საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ პატიმარი ექს-პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან იმართება. მოძრაობა "ხალხის ძალაში" კი მყარად სჯერათ მოსკოვის და ყოფილი პრეზიდენტის კავშირების.
ნიკოლაი მალომუჟიმ გორდონთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა, თუ როგორ არჩევდა კგბ აგენტების შესაძლო კანდიდატებს. უკრაინელი გენერლის თქმით, დაზვერვისა და კონტრდაზვერვისთვის კონტინგენტს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევდნენ, ძირითადი ბაზა კი, მისი ინფორმაციით, შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი იყო. სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლობდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი.