უნგრელი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარებს იდიოტები უწოდა.
ევროკომისარმა ეს რეპლიკა პრივატულ საუბარში, დასავლეთ ბალკანეთის დეპუტატებთან გამართულ სესიაზე წარმოთქვა, თუმცა ფრაზა მიკროფონმა დააფიქსირა.
ევროპარლამენტში, ამის გამო, ოლივერ ვარჰეის გადადგომას მოითხოვენ. დეპუტატების ნაწილმა ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდეს.
"ის უნდა გადადგეს,"- განუცხადა "მწვანეთა" ფრაქციის წევრმა დანიელ ფროუნდმა POLITICO-ს.
მოგვიანებით ევროკომისარმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაწერა: "გულწრფელად ვწუხვარ ჩემი შენიშვნის გარშემო არსებული გაუგებრობის გამო".
კომისარმა თქვა, რომ მისი ფრაზა კონტექსტიდანაა ამოღებული, რადგან მისი კომენტარი დებატების დროს მის გვერდით მჯდომ პირთან ცალკე საუბრის ნაწილი იყო.
"ეს უკავშირდებოდა პირად საუბარს ჩემსა და ჩემი კაბინეტის ხელმძღვანელს შორის სრულიად განსხვავებულ საკითხზე, რომელიც კონტექსტიდან იყო ამოღებული. ბოდიშს ვიხდი ამის გარშემო შესაძლო გაუგებრობისთვის... სრულფასოვნად პატივს ვცემ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს, მათ შორის ევროპარლამენტს და მის საპატიო წევრებს", - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.