როდის შეიტანს მიხეილ სააკაშვილის მხარე სტრასბურგის სასამართლოში დაანონსებულ საქმეს- ექსპრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ საკითხზე ადვოკატები მუშაობენ.
"ხალხის ძალაში" კი მიაჩნიათ, რომ ადამიანის ევროპული სასამართლო ვერ შექმნის პრეცედენტს, რომელიც, ზოგადად, სასჯელის მოხდის პრინციპს ეწინააღმდეგება.
"თუ სტრასბურგი ამ დაშვებას გააკეთებს, ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზიანებს და შემდეგ სამართლებრივ საყრდენს, რომელიც გადამდები იქნება ძალიან ბევრი ქვეყნისათვის და ეს იქნება აურზაურის საფუძველი, რაც, რა თქმა უნდა, შექმნის რისკებს, თითოეული ქვეყნისთვისაც და გლობალურადაც.
რისკების დეფიციტი დღეს არ არსებობს, პირიქით, ჭარბია. სწორედ ამან, მთავარი, ჭეშმარიტი ღირებულების ფუნდამენტიც მოარყია და ხედავთ, რომ სამართლებრივ გადაწყვეტილებების ნაცვლად, ხშირად ამ რეალობის გამო, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჭარბობს.
სააკაშვილთან დაკავშირებით, მისთვის საჭირო რეკომენდაციები არცერთი არ შესრულდა, მაგრამ სიურპრიზების მოლოდინი ახლაც მაქვს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ხომ არ შემოვიდა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა მოენატრა. მიხეილ სააკაშვილი, როგორც შემოსვლა იყო არეულობისთვის, ისე მისი გაყვანა ხდება არეულობისთვის,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე.