14 ნოემბერი 2024,   21:10
ვრცლად
სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის რეზოლუცია, როგორიც არის ევროპარლამენტი, ეყრდნობა მცდარ მონაცემებს - ირაკლი ჩიქოვანი

პოლიტიკური დისკუსიის მთავარი თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაა - დოკუმენტზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, მმართველ გუნდში აცხადებენ ევროპარლამენტის რეზოლუცია მცდარ მონაცემებს ეყრდნობა.

"სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის რეზოლუცია, როგორიც არის ევროპარლამენტი, ეყრდნობა მცდარ მონაცემებს. ეს პირველ რიგში აზიანებს მის რეპუტაციას ქართული საზოგადოების წინაშე. ყველას აქვს ძალიან ნათელი წარმოდგენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა და მის მიერ შექმნილი სისტემა იყო ძალადობრივი.

მეორეს მხრივ ვხედავთ იმას, რომ ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის მორიგ ჯერზე პოლიტიკაში შემოყვანას. არაერთი ასეთი პოზიციონირება ყოფილა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს, ის პოლიტიკიდან წასულია დღესდღეობით და მას საქართველოს წინაშე აქვს ძალიან დიდი დამსახურება და არანაირ პერსონალურ ვენდეტაზე და დაპირისპირებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტის წევრის და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებლის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტს სურს საქართველოს ხელისუფლებამ თვალი დახუჭოს კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებაზე, რაც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

"ეს არის შეურაცხმყოფელი რეზოლუცია საქართველოს მიმართ. ეს არ არის ევროპული ღირებულებები და თუ ეს ევროპული ღირებულებებია და ამ თამაშის წესებს გვთავაზობენ, რომ უგულებელვყოთ და თვალები დავხუჭოთ კანონის უზენაესობაზე, სამართალზე, მართლმსაჯულებაზე. არჩევანის წინაშე აყენებენ, რომ გინდათ გახდეთ ევროკავშირის წევრები, პირდაპირ ვიტყვი, მაშინ გახდით მონები, გადაუსვით ყველაფერს ხაზი და გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით," - პარლამენტის წევრი და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი.

რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა თავი შეიკავა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები