14 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
კანდიდატი ქვეყნის სტატუსი სააკაშვილის თავისუფლების ფასად - სტრასბურგში დამტკიცებული რეზოლუცია უკვე ორი დღეა თბილისში პოლიტიკური განხილვის საგანია

სტრასბურგში დამტკიცებული რეზოლუცია უკვე ორი დღეა თბილისში პოლიტიკური განხილვის საგანია. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ადეკვატური მკურნალობისკენ მოუწოდებს, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პარტიისთვის მნიშვნელოვანი და დროულია.

დოკუმენტი უსამართლო და სუბიექტურია "ქართული ოცნებისთვის". პარტიის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში თქვა, რომ რეზოლუციის შინაარსი რეალურ ფაქტებს აცდენილია და ის მხოლოდ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. ირაკლი კობახიძე იმასაც ამბობს, რომ ამ ფორმით ევროპარლამენტარები საქართველოს თავს ესხმიან. პარტიის თავმჯდომარემ საკითხზე დამატებითი განმარტება დღეს პარლამენტშიც გააკეთა.

დამტკიცებულ რეზოლუციას საქართველოსთვის საფრთხედ აღიქვამს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი დოკუმენტები ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელია. თუმცა, იმასაც აკონკრეტებენ, რომ რეზოლუციის გარკვეულ პუნქტებს არ ეთანხმებიან.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიუღებელია როგორც რეზოლუციის შინაარსი, ასევე ტოლობის ნიშანი ევროინტეგრაციის პროცესსა და მიხეილ სააკაშვილის საკითხს შორის. პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ დოკუმენტში კვლავ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბარი და მისი დაკავშირება ყოფილი პრეზიდენტის საქმესთან არასერიოზულია.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭი გუშინ უყარა - ჯერ კონსოლიდირებულ ვარიანტს, რომელიც 9 პუნქტისგან შედგება და მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებასა და მკურნალობას მოუწოდებს. ამ ვერსიაში საუბარი არ არის ბიძინა ივანიშვილზე. თუმცა, ევროპარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებულ შესწორებასაც დაუჭირა მხარი, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახელი და გვარი გაჟღერდა.

დღის ამბები