უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიცვლება. მას შემდეგ, რაც შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კრიტიკული განცხადება გაკეთდა, მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებმა გადაწყვიტეს პირდაპირ გადმოთარგმნონ ამერიკული კანონი.
მოძრაობაში აცხადებენ, რომ უკვე რეგისტრირებულ პროექტში მათ უფრო ლიბერალური მიდგომები ჰქონდათ, თუმცა იმის გამო რომ გაჩნდა კითხვები, მზად არიან პირდაპირ აიღონ ამერიკული მოდელი.
"სამწუხაროდ, ჩვენი კანონპროექტი არ იქნა წაკითხული არც რადიკალი ოპოზიციის მხრიდან და როგორც ვატყობთ, არც ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ისე იქნა ზედაპირულად გაკეთებული განცხადებები, თითქოს ეს იყოს ე.წ. რუსული კანონპროექტი.
მაგალითად, რეესტრში რეგისტრაციის გაუვლელობა ჩვენთან მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას იწვევს და შეერთებულ შტატებში 5 წლამდე პატიმრობას. ამავდროულად, ჩვენთან მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირები და მედია უნდა დარეგისტრირდეს, შეერთებულ შტატებში კი ფიზიკური, იურიდიული, ნებისმიერი სახის პირი.
რადგანაც ამ შერბილებამ გამოიწვია, რომ თავად ამერიკაში ამბობენ, რომ თითქოს ეს არის რუსული კანონპროექტი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი ერთში გადმოვაკოპიროთ ამერიკის კანონმდებლობა და კანონი და ასე დავაინიციროთ. ამის მერეც თუ იქნება კიდევ ამერიკიდან განცხადება, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი გამოდის, რომ თავად ამერიკას ჰქონია რუსული კანონპროექტი გადაღებული," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ არც ქვეყანაში არსებული კანონპროექტის ვერსი არ უნდა იქნას გადმოკოპირებული.
"ამერიკა ხელმძღვანელობს რუსული ვერსიით - ხო აბსურდია. ამერიკიდან კი არა საერთოდ არც ერთი ვერსია არ უნდა გადმოვიტანოთ, მართლა აგენტებს უნდა ებრძოდეს "ოცნება", რეალურ აგენტებს და არა იმ ადამიანებს, ვინც რეფორმებზე მუშაობენ, ეს არის რეალობა. სულ რომ ამერიკულ ვერსიას პირდაპირ აკოპირებდეს ესეც მიუღებელია მარტივი მიზეზის გამო - "ოცნების" ინსტიტუტების მიმართ ნდობა არ არსებობს," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ თუ არსებობს დამატებითი კითხვები კანონპროექტთან დაკავშირებით, ამისთვის არის სწორედ რეგლამენტით უზრუნველყოფილი პარლამენტის განხილვები.
""ხალხის ძალამ" განმარტა, რომ ამ ინიციატივაში შემზღუდავი მექანიზმები არ არის, მხოლოდ გამჭვირვალობისკენ გადასადგამი სამართლებრივი ჩარჩო ხდება ფაქტობრივად წარმოჩენილი, შესაბამისად ის პრინციპი, რომელიც გამჭვირვალობას ეფუძნება, შეუძლებელია იყოს მიუღებელი. შესაბამისად, თუ დამატებით რაიმე კითხვები არსებობს საქართველოს პარლამენტის განხილვები, რომელიც უზრუნველყოფილია რეგლამენტით სწორედ ამისთვის არსებობს და იქ უნდა მოხდეს არგუმენტებით პოზიციების გაცვლა და შეჩერება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.