საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რომ ის ხალხი, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, რა ინტერესით მოქმედებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ადამიანები, თუ ორგანიზაციები უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული იმ ხალხის წინაშე, რომელზეც გავლენას ახდენს მათი გადაწყვეტილება.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არის მცდელობა, ტაბუ დაედოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე მსჯელობას, რაც მისივე თქმით, არადემოკრატიულია.
„რაც შეეხება კანონს, მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით, ამ საკითხის წარმოდგენით, უბრალოდ ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს თვითონ თემის ცენზურა. საკვირველია, როდესაც საუბარია გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, რომ ამ შემთხვევაში, გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხისთვის ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, ანტიდემოკრატიულია. ამაზე ყოველთვის ვესაუბრებოდი როგორც თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს. საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ იმ ხალხზე, ვინც მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში და გავლენას ახდენს ადამიანზე, ჰქონდეს ინფორმაცია, იქნება ეს ფინანსური სახის, თუ ასე შემდეგ.
ეს არის ელემენტარული ნორმა, რომელსაც ექვემდებარებიან პარტიები, რომლებიც ადეკლარირებენ სრულად ყველა შემოსავალსა და გასავალს. ესენი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუ საჯარო მოხელეები, რომლებიც საკუთარ პირად ქონებას, შემოსავალს ადეკლარირებენ და იცით, გამჭვირვალეა. პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებასა და მიღებაში ჩართული ადამიანები ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ იმ ხალხის წინაშე, რომელზეც გავლენას ახდენს მათი გადაწყვეტილება. ეს არის პრინციპი, რომელიც ყველა ქვეყანაშია. ამას შეიძლება, სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. აშშ-ში ე.წ. ფარა (Foreign Agents Registration Act – FARA), რომელიც სხვათა შორის, რომ არა ამერიკული გამჭვირვალობის კანონმდებლობა, ჩვენ დღეს არ გვეცოდინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, პროპაგანდისტულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ გვეგონებოდა, რომ სტატიები შეიძლება, ბუნებრივად იბეჭდება, ინტერესის გამო. სწორედ იმის გამო, რომ ამერიკას აქვს ასეთი პირობები, რომ იყოს გამჭვირვალე, ასეთი სახის შეთანხმებით, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებას და რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ კარგია. არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ეს. ამ საკითხის სხვადასხვა გადაწყვეტა არსებობს. შეიძლება, იყოს ამერიკული მიდგომა, შეიძლება, იყოს სხვა მიდგომა. მაგალითად, გერმანიაში არის ლობისტების რეესტრი. გერმანიის ლობისტების რეესტრში რეგისტრირებულია გერმანული საერთაშორისო გამჭვირვალობის ფილიალი. ყოველწლიურად ფინანსურ ანგარიშსაც წარადგენს და მათ შორის უფრო მკაცრი არის, როდესაც ნებისმიერი შეხვედრა, კონტაქტი დეპუტატთან, ასეთი ორგანიზაციის მხრიდან უნდა იყოს დეკლარირებული.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რომ ის ხალხი, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, რა ინტერესით მოქმედებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა. ინტერესი არ გულისხმობს რაიმე ბოროტ განზრახვას. პარტია რომ ადეკლარირებს, ვინ არის მისი შემომწირველი, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია, თუ ვიღაც ფულს შესწირავს პარტიას. ჩემი მოწოდება იქნება, რომ ანტიდემოკრატიულია საკითხებისთვის ტაბუს დადება. მეორე – გასაგებია, რომ არის სენსიტიური საკითხი და გასაგებია, რომ არსებობს ცუდი პრაქტიკებიც, მაგრამ ნებისმიერი რეგულაცია, შეიძლება, ცუდად იქნას გამოყენებული. ეს არ არის რეგულაციის პრობლემა, ეს არის სისტემების პრობლემა. როდესაც საქართველოს ადარებენ რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც არის რუსეთში, სადაც დემოკრატიაზე არ არის საუბარი.
უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი საკითხი. ერთი საკითხია, უნდა იყოს თუ არა ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებასა და მიღებაში და გავლენას ახდენენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მოქალაქეთა ცხოვრებაზე. აქ პასუხს თავადვე ამ ორგანიზაციების ეთიკაც კი აჩვენებს, როდესაც ნაწილი ასაჯაროებს და ამ ანგარიშვალდებულების პრინციპს მიჰყვება. მეორე საკითხია, რა ფორმით უნდა იყოს, რა სისტემა უნდა არსებობს, ამერიკული, გერმანული, თუ სხვა. თუმცა, ამ მეორე საკითხი – არის მცდელობა, ტაბუ დაედოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე მსჯელობას. მაგალითისთვის გეტყვით, ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, არაერთხელ, სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ მათი წარმომადგენლები სამართალდარღვევად ცნობილი და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული. ვიცით, გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ არის მათი დამფინანსებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.