2008 წლის რეზოლუცია ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია- ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" დოკუმენტს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პირველად არ იყენებს, ახლა კი ამის დრო არ არის.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლომ ნათლად თქვა ვინ იყო 2008 წლის ომში ბრალეული.
"წარსულის ქექვას საგამოძიებო კომისიებზე, რომელიც შექმნილი იყო ომის შემდგომ და ისევ თითის გაშვერას თუ ვინ დაიწყო ეს ომი, როდესაც ჰააგამ ნათლად თქვა, რომ რუსეთი არის აქ ბრალეული, ვფიქრობ, რომ დამაზიანებელია იმ საერთო ბრძოლისთვის, რასაც ქვეყნის დეოკუპაცია ჰქვია რუსეთიდან. სხვა დანარჩენი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით არის შიდა აუდიენციასა და აუდიტორიაზე გათვლილი და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს თავისუფლებასა, ტერიტორიულ მთლიანობასთან, ბრძოლასთან. თითიდან გამოწოვილი პროპაგანდისტული მეთოდებით ხდება ამ საკითხის კვლავ წამოწევა ერთი მიზნით, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ისედაც დაშლის მდგომარეობაშიაა, კიდევ უფრო დაასუსტოს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის რეზოლუციაზე ყოველთვის კრიტიკული პოზიცია ჰქონდა.
"2008 წლის რეზოლუციაზეც კრიტიკული პოზიცია მქონდა ყოველთვის და იმაზე, რაზეც ხელი მოაწერეს "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო მყოფმა ხალხმა, მაშინაც აღშფოთებული ვიყავი; სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებაც საშინლად არ მომეწონა და განსაკუთრებით წითელ უბნის ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ ის მაშინ იყო დროული და ადეკვატური. მილიონი საკითხია დღეს აქტუალური და მიმდინარე, რომელზეც საგამოძიებო კომისიასაც შევქმნიდი, ვიმუშავებდი, რომელზეც ვაპირებ ვიმუშაო, მაგრამ გაუგებარ თემებში მონაწილეობას არ ვაპირებ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.