რომან გოცირიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პარტიაში. გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ რომან გოცირიძის გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარი და გულდასაწყვეტია. როგორც ის ამბობს, რომან გოცირიძის მიერ პარტიის დატოვება ნაციონალური მოძრაობისთვის დანაკლისი იქნება.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ რომანს და მისი ღვაწლი ძალიან დიდია როგორც ნაციონალური მოძრაობისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის. მისგან ძალიან ბევრი რამ მაქვს პირადად მეც ნასწავლი როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ზოგადად, ჩემთვის გაუგებარია და გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწყვეტილება. ის, რომ დანაკლისი იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მე არ მომისმენია მისი უკმაყოფილება პარტიაში და პირადად ჩემთან და არავისთან რამე უკმაყოფილება მას ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ რა თქმა უნდა, თვითონ უნდა ისაუბროს ამ ყველაფერზე თუ რამე არ მოსწონდა. მე არ ვფიქრობ, რომ რამე უკმაყოფილების საფუძველი ყოფილიყო ეს ყველაფერი," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
"ნაციონალურ მოძრაობა" რომან გოცირიძემ დატოვა. დეპუტატმა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ახსნა.