14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
ჩვენ არასდროს მივიღებთ იმას, რომ პუტინი ფეხქვეშ თელავდეს საერთაშორისო კანონს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველოს დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში არიან მსოფლიო ლიდერებიც. ცივილიზებული სამყარო რუსეთის წინააღმდეგ - დასავლეთი ამ ფორმულით ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობს და უკრაინისთვის დახმარების გზებს ეძებს.

"გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება" - სწორედ ეს იყო პანელური დისკუსიის თემა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა გახსნა.

"მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გავიგოთ, რა არის რუსული ომი. ეს ეხება პუტინის იმპერიალისტურ გეგმებს. ეს არის ის, სადაც ყველა ჩვენგანს და ძირითადად გლობალურ სამხრეთს გვაქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა. ეს სრულიად მიუღებელია. ხმელთაშუა ზღვის მეორე მხარეს მდებარე ქვეყნებს მწარე და ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.

ჩვენ არასდროს მივიღებთ ამ იმპერიალისტურ ომს, ჩვენ არასდროს მივიღებთ იმას, რომ პუტინი ფეხქვეშ თელავდეს საერთაშორისო კანონს, რომელიც ყველას გვიცავს, რომ გაეროს წესდებას, რომელიც თითოეული ქვეყნის ინტერესებშია, ექცეოდნენ ასე უპატივცემულოდ. დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ვიმუშაოთ გლობალურ სამხრეთთან. ასევე ვიმუშაოთ მათთან ამ სასტიკი ომის შედეგებთან გამკლავებაზე. ეს არის სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა გავუმკლავდეთ ზემოქმედებას ისე, რომ გლობალური სამხრეთი ძალიან არ დაზარალდეს პუტინის აგრესიული ომით," - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. 

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი აცხადებს, რომ უსაფრთხოება და მისი დაგეგმარება ფინეთის ინტერესებში შედის. 

"როდესაც რუსეთი, ჩვენი მეზობელი თავს დაესხა თავის მეზობელ უკრაინას, ცხადი იყო, რომ ფინეთი ნატოს შეუერთდებოდა, რადგან ეს არის ერთადერთი ხაზი, რომელიც რუსეთს არ უნდა გადაეკვეთა. ფინეთისთვის ეს არის მშვიდობის აქტი, რომ ნატოს შეუერთდეს. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს შვედეთან ერთად გაწევრიანება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კარგი მეზობლები და პარტნიორები ვართ, არამედ ასევე ძალიან კონკრეტული მიზნისთვის.

უსაფრთხოების დაგეგმვა ნატოსთვის მთელს ჩრდილოეთში ჩვენს ინტერესებში შედის. ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით თურქეთს და უნგრეთს რომ ჩვენ ერთად გვსურს გაწევრიანება. აშკარა იყო, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. მათ გამოიყენეს ენერგეტიკა ბერკეტად ზაფხულსა და შემოდგომაზე. იყო სხვადასხვა სახის შეფერხებები ენერგეტიკულ ნაკადებთან. მათ თავიანთი ჯარები განალაგეს სხვადასხვა ადგილას და ამბობდნენ, რომ ისინი მხოლოდ წვრთნებს გადიოდნენ.

აშკარა იყო, რომ ისინი თავდასხმა გეგმავდნენ. კიდევ უფრო უკან თუ გავიხედავთ, 2014 წელს, როდესაც ყირიმში შეიჭრნენ, მაშინ ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით ერთად უფრო ძლიერად რომ არ ვიმოქმედეთ. მაშინ ომი არ მოხდებოდა. ვფიქრობ, რუსეთს ეგონა, რომ ესეც ყირიმივით იქნებოდა. ეს მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდებოდა და პუტინი ომს ძალიან სწრაფად და მარტივად მოიგებდა. ახლა უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები არსებულ ვითარებაზე. და ვფიქრობ, მთავარი გაკვეთილი არის ის რომ არ ვიყოთ გულუბრყვილოები," - აცხადებს მარინი. 

დღის ამბები