14 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
დღეს მთელი მსოფლიო არის შეკრებილი ბაკურიანში, ასეთი მასშტაბის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში დღემდე არასდროს ჩატარებულა, ეს ძალიან დიდი პატივია - თეა წულუკიანი 

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა. როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველო ღირსეულად ყოფილიყო ბაკურიანში ამ ჩემპიონატისთვის წარმოდგენილი, არაერთმა უწყებამ და მთავრობამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საოცარი გუნდურობით იმუშავა. 

"ყველამ იცით, რომ ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ასეთი მასშტაბის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში დღემდე არასდროს ჩატარებულა. ეს ძალიან დიდი პატივია და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ჩვენი მთავრობისთვის გამოცხადებული ძალიან დიდი ნდობაა, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. დღეს მთელი მსოფლიო არის შეკრებილი ბაკურიანში, ამიტომაც მივესალმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს, სპორტსმენებს, ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს ეროვნულ ფედერაციას და პირველ რიგში, სწორედ მათ, ვინც უნდა იასპარეზოს, ვუსურვებ მომდევნო დღეებში მშვიდობიან შეჯიბრს და რა თქმა უნდა, წარმატებებს და გამარჯვებებს.

ჩვენი მთავრობის სახელით, მინდა სიხარულით ვთქვა, რომ იმისათვის, რომ საქართველო ღირსეულად ყოფილიყო ბაკურიანში ამ ჩემპიონატისთვის წარმოდგენილი, არა ერთმა უწყებამ და მთავრობამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საოცარი გუნდურობით იმუშავა. ეს არ გახლავთ მხოლოდ შეჯიბრი და დღევანდელი ზეიმი, ამის უკან დგას უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული განვითარება ბაკურიანსა და საქართველოსთვის. ეს იყო არა ერთი ადამიანის ძალიან დიდი ძალისხმევა და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით. ინფრასტრუქტურულ პროექტს სრულად უძღვებოდა საქართველოს მთავრობა პრემიერ მინისტრის უპრეცედენტო ყურადღებისა და ხელშეწყობის წყალობით და ეკონომიკის სამინისტრო თავისი არა ერთი სააგენტოთი, რომელთაც მინდა ვუთხრა უღრმესი მადლობა, მადლობას ვეუბნები ასევე სპორტის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, ვინც იყო ამაში ჩართული, ჩვენს ეროვნულ ფედერაციას და ასევე, მთავარ სპონსორს კერძო სექტორიდან "სილქნეტს". გისურვებთ ყველას გამარჯვებას და მშვიდობიან საქართველოში კიდევ ბევრ განვითარებას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები