მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის, რუმინეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, ისლანდიის, საუდის არაბეთის და ბრაზილიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა. ევროპელ მინისტრებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი იყო.
ქართულმა მხარემ პარტნიორი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ახლო მომავალში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხს. რეგიონულ თანამშრომლობაზე წარიმართა საუბარი ბრაზილიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე.