14 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ისტორიული დისკუსია, რომელშიც პირველად, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დღეს სრულდება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ბოლო დღე - ლიდერები მსოფლიო გამოწვევების შესახებ საუბარს დღესაც პანელური დისკუსიის ფორმატში განაგრძობენ. მთავარი თემა უკრაინის ომი და მისი გავლენებია. ყველა თანხმდება, რომ უსაფრთხოების კონფერენცია წელს არის გამორჩეული, ვინაიდან ყველა ლიდერს ჰქონდა კონკრეტული გზავნილი იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც დღეს დგას ევროპის წინაშე.

ფაქტია, რომ მსოფლიო უკვე იწყებს იმის განხილვას თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატიული და თავისუფალი სამყარო ომის შემდეგ. კონფერენცია ოფიციალური ნაწილის გარდა ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობას იძლევა. ეს შესაძლებლობა ჰქონდა ქართულ დელეგაციასაც. პრემიერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ყველა იმ ნაბიჯზე ესაუბრა, რაც ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში გადადგა.

"დისკუსია შეფასდა როგორც ისტორიული, რადგან პირველად მოხდა, რომ მსგავსი ტიპის განხილვებში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. პრემიერმა კანცლერს გაუზიარა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა გასული წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მივიღეთ 12 რეკომენდაცია. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით იქნა გერმანიის კანცლერის მხრიდან აღნიშნული, რომ გერმანია იქნება კიდევ უფრო მეტად ჩართული და იქნება ძლიერი ხმა, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის პრეზიდენტსაც ვესაუბრეთ ყველა იმ სამუშაოზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდა ჩაატარა, რომ მიღებული რეკომენდაციები შეგვესრულებინა. სრულად იქნა ასევე ქალბატონი პრეზიდენტი ინფორმირებული ჩვენი მხრიდან და მასთანაც საუბარი იყო მოლოდინებზე, იმაზე, რომ გარდაუვალია და მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემოდგომაზე.

მიღებულმა ანგარიშმა ახალი, დადებითი და პოზიტიური იმპულსი შემოიტანა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ვგულისხმობ ევროკავშირსა და საქართველოს. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ეფექტი ექნება," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები