14 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა, ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა, რაც კატასტროფულია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის, ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართა. ის, რომ რეგიონის სამი ქვეყნის ლიდერი ერთ სივრცეში გამოწვევებზე საუბრობდა, ისტორიულად შეფასდა.

პირველი კითხვა ეხებოდა უკრაინის ომს და მის გავლენას რეგიონზე. ლიდერები თანხმდებიან, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსგავსი გამოწვევის წინაშე ევროპა არ ყოფილა.

საქართველოს პრემიერმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და გამოთქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ მაშინ რუსეთს სანქციების სახით საერთაშორისო თანამეგობრობისგან პასუხი არ მიუღია.

"მართლაც ისტორიული შემთხვევაა, - სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ, ეს უკვე არის წარმატება, წარმატებული შემთხვევა. მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება ომს უკრაინაში, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ, რუსეთს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს - აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ორი სამხედრო ბაზა გააჩინა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთს.

მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წელს, ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ დეესკალაციის კუთხით. დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია და გასულ წელსაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს.

ამ ომს უკრაინაში ყველაზე აქვს გავლენა. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე. ეს არის დამანგრეველი ომი, და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად.

მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიჰყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ერთადერთი პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისთვის გვაქვს. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს.

ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და, როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს კვლავ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა. ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა რუსეთთან. ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ის, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება, მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპება. ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს.

რა თქმა უნდა, ამ ომის შედეგები იქონიებს გავლენას სხვა ქვეყნებზეც - საქართველოზე, მოლდოვაზე (რაც თქვენ დაასახელეთ). მოდით პირდაპირ ვთქვათ, საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს არის საერთაშორისო წესრიგის, წესებზე დაფუძნებული წესრიგის შეცვლა. ამიტომ, როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, 2-3 თვეში ჩვენ გვექნება ნათელი სურათი იმისა, თუ სად ვართ.

თქვენ კარგად იცით საქართველოს შესახებ. ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ეს ომი 2008 წელს განვიცადეთ და არაპირდაპირი ომი გვქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ომი. ამიტომ, გამოცდილება დაგვიგროვდა.
რთულია ითქვას, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ დრო გვაჩვენებს, სად ვართ, სად ვიქნებით, სად იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ.

მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა, იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა, რაც კატასტროფულია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მთელი პლანეტისთვის. ამიტომ, უნდა ველოდოთ, რომ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს ექნება ერთად დასხდომის საშუალება და მოლაპარაკების სურვილი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი არ არის გადაწყვეტა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონიანი მოსახლეობით. ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ და უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს!

ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა! ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

დღის ამბები