ის რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გახდებიან, მიუნხენში, კიდევ ერთხელ ითქვა. საპანელო დისკუსიის ფორმატით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა ისაუბრა.
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის დახმარება დღეს ევროკავშირის უსაფრთხოების დაცვას ნიშნავს. ევროპის უსაფრთხოება კი არა მხოლოდ გაერთიანებაში მყოფ, არამედ სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. დისკუსიაზე დაისვა კითხვა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ კონტექსტში ახსენეს ტრიოს ქვეყნები, რომლებიც მკაფიოდ ითქვა რომ სამომავლოდ სწორედ გაერთიანების ნაწილად განიხილებიან
"გაფართოებაზე იმაზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, რაც ევროპელმა ლიდერებმა, კომისიის პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უმაღლეს დონეზე განაცხადეს. რა შემიძლია დავამატო? პროცედურები ჯერ კიდევ არსებობს. ისინი უნდა შესრულდეს. გაფართოების წესები და გზები, ეს არ არის ჩემი სპეციალობა, მაგრამ ყველა ევროპელი ლიდერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უკრაინა და მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო ევროკავშირის წევრები გახდებიან. პროცესი ღიაა, მაგრამ არ მოელოდეთ, რომ ის ერთ ღამეში განხორციელდება მოთხოვნების შესრულების გარეშე," - განაცხადა ბორელმა.