მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროპული სასამართლოსა და ევროპარლამენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შედარებით ანალიზს აკეთებს და ორი ევროპის - მოსყიდულისა და მოუსყიდველის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მისი განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აკაკი ოჩიგავასთან დაკავშირებით - არის ნამდვილ ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული სამართლიანი ევროპის პოზიცია; ხოლო 2023 წლის 15 თებერვლის რეზოლუცია კი არის სახეცვლილი, კორუფციულ გარიგებებში დაკარგული, მოსყიდული ევროპის პოზიცია.
თამთა მეგრელიშვილის განცხადებას გთავაზობთ სრულად:
„საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ერთმანეთის გვერდით განთავსებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ევროპარლამენტი.
ზემოაღნიშნული თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ 2023 წლის 15 თებერვალს მიღებული რეზოლუცია და 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ კანონის სახელით მოსაუბრეთა ნათელი და ბნელი მხარეა.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოუსყიდველი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) და მოსყიდული ევროპა (ევროპარლამენტი) ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს.
გაჟღერებული რეზოლუციით, ევროპარლამენტმა წითელი ხაზი გადაუსვა ცივილურ სამართლებრივ სამყაროში აღიარებულ ყველა წესს, (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის მხილებას).
უფრო ვრცლად: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის საერთაშორისო სასამართლო და სწორედ მის მიერ ხდება 700 მილიონი ევროპელის უფლებების პატივისცემაზე ზედამხედველობა, რომლებიც ევროპის საბჭოს იმ წევრი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
2023 წლის 16 თებერვალს სწორედ ამ სასამართლომ (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ) გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.
უფრო ზუსტად: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით:
* ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა - ე.წ. საკარანტინო პროცედურა;
* პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე;
* პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა;
* პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა;
* ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა;
* პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ;
* პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით.
ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება.
მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოთ დასახელებული ყველა ფორმა საკუთარ თავზე გამოცადა - ციხეში ცემა: დაუმტვრიეს ხელის თითები, საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და სცემეს, ციხის მორგში მილზე მიაბეს გარდაცვლილებს შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გვერდით მდებარე ევროპარლამენტი- ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც ტრანსნაციონალური - 375 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს და ნიშნავს ევროპის ომბუდსმენს, განვითარების ეტაპზე მყოფი საქართველოსთვის მისი ხედვებით ყოველთვის გასათვალისწინებელი იყო.
2023 წლის 15 თებერვალს მიღებული რეზოლუციით პირდაპირ წითელ ხაზებში მოაქცია ადამიანის უფლებების დაცვა, ცივილური სამართლის პრინციპები, მოითხოვა რა ქართული სახელმწიფოს მიერ შეწყალებულ იქნას მიხეილ სააკაშვილი; საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოიყენოს შეწყალების ბერკეტი და ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.
2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ურთიერთგადამკვეთი წითელი ხაზებია 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისათვის.
2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - არის ნამდვილ ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული სამართლიანი ევროპის პოზიცია; 2023 წლის 15 თებერვლის რეზოლუცია კი არის სახეცვლილი, კორუფციულ გარიგებებში დაკარგული, მოსყიდული ევროპის პოზიცია.
ქართული სახელმწიფო ირჩევს ნამდვილ, ევროპულ ხარისხში დაცულ ადამიანის უფლებებს, როგორც ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობას, კანონის წინაშე თანასწორობას!
ქართულ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა, მან არ იცის - „მე არა და - ის“!
დღეს ჩვენ ვხედავთ ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ევროპას, ევროპას მოსყიდულს და ევროპას მოუსყიდველს, არჩევანი ჩვენზეა და რომელი მივიღოთ?!“ - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.