მიუნხენის 59-ე კონფერენცია დასრულებულია. წელს პლატფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. უსაფრთხოების შესახებ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის პარალელურად მსჯელობდნენ, მთავარი თემაც ცხადია უკრაინა იყო. სამი დღის განმავლობაში ყველა ლიდერმა არაერთხელ თქვა რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა და მეტი სამხედრო დახმარება.
წელს ძირითადად საუბარი იყო გეოპოლიტიკურ ევროპაზე და ამ კონტექსტში არაერთხელ ახსენეს საქართველოც. კონფერენცია ცოტა ხნის წინ შემაჯამებელი სიტყვით ახალმა პრეზიდენტმა დახურა.
კრისტოფ ჰოისგენი აცხადებს, რომ ამ დღეების განმავლობაში მსოფლიოსთვის გახდა ნათელი, რომ მართლაც არსებობს ტრანსატლანტიკური ერთიანობა და რომ ამ საზოგადოებისთვის მიუღებელია 21-ე საუკუნეში ის ფაქტი, რომ ერთი ქვეყანა არღვევს სხვა სუვერენული ქვეყნის საზღვრებს და ომს იწყებს მეზობლის მიმართ.
ჰოისგენის თქმით, ამიტომაც ტრანსატლანტიკური ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული და ეს ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინი.
გარდა ამისა, მან მაგალითად მოიყვანა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა და თქვა, რომ ისიც მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბებას, რადგანაც დაისაჯოს ყველა, ვისაც ამ ომში ბრალი მიუძღვის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებებს სჩადის.
მიუნხენის კონფერენციის ახალმა პრეზიდენტმა გამოყო გუშინდელი სადისკუსიო პანელი, უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც და თქვა, რომ ეს იყო ისტორიული შეხვედრა, როდესაც პირველად, ერთ პანელზე ისხდნენ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები.
"ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმაზე შედგა. კონფლიქტი არ გადაჭრილა, თუმცა საუბარი შედგა და ვფიქრობ, რომ იმედის ნაპერწკალი დარჩება," - განაცხადა ჰოისგენმა.