უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიებთან ერთად არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან განიხილა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, მათ შორის შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად. აქვე დაადასტურა მზაობა რომ ევროკავშირი მზად არის, რეკომენდაციების შესრულების კუთხით გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელსაც შეხვდა. ხაზგასმით აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისთვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა.
კონფერენციის ფარგლებში პრემიერი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აღინიშნა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ღარიბაშვილმა შოლცს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტსაც შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ოდილ რენო ბასოსს, მადლობა გადაუხდა მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს. შეხვედრის შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტვიტერში აღნიშნა, რომ იბიარდს საქართველოში ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.