14 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
სენატორებთან შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე რეგიონალურ რისკებზე - ვიქტორ ყიფიანი

ამერიკელი სენატორები თბილისში იმყოფებიან - ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ამ წუთებში მესამე სექტორის წარმომადგენლებს უსმენენ. იქამდე კი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდნენ. უკვე უმასპინძლა სენატორებს პრეზიდენტმა.

დღესვე გაიმართება შეხვედრა მთავრობასთან. რამდენიმე საათში კი ვიზიტი შემაჯამებელი ბრიფინგით დასრულდება.

წინასწარ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, განხილვის მთავარი თემები ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაა.

"უკრაინაში მიმდინარე ომმა შექმნა აბსოლუტურად განსხვავებული უსაფრთხოების გარემო, ამიტომ სენატორებთან შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე რეგიონალურ რისკებზე და ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მექანიზმების დანერგვა იმგვარად, რომ ეს რისკები იყოს რაც შეიძლება მართვადი, ნაკლები. ასევე ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესაძლო განვითარების პერსპექტივებზე," - აცხადებს იურიდიული ფირმის "ემ ქეი დი" (MKD) უფროსი პარტნიორი და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ იმედოვნებს, შეხვედრებზე მთავარი გზავნილები იქნება, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

"იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებზე მთავარი გზავნილები იქნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და არა მხოლოდ მისი ტერიტორიული მთლიანობის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ასრულებს 12 რეკომენდაციას.

"ჩვენ მმართველი გუნდი ვასრულებთ 12 რეკომენდაციას, ყველა მიმართულებით ეს მუშაობა ბევრ საკითხში უკვე დასრულებულია, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას 2 კანონპროექტთან და სახალხო დამცველის არჩევის, რომელიც მარტის დასაწყისში იქნება. უპრეცენდენტოდ მაღალი სანდოობის მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობა იქნა მიღებული. რაც შეეხება ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს, მათი რადიკალიზაციის ნაწილი კარგად ცნობილი არის და ამის მკურნალობის რეცეპტი არავის გააჩნია და არა მგონია არც ამერიკის სენატორს გააჩნდეს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები