"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიცირების საკითხს პარლამენტის ბიურო განიხილავს. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. იქამდე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები, ოპოზიცია პროექტის მიმართ კრიტიკულია.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" ინიციატივა საფრთხეს უქმნის, როგორც დემოკრატიას, ასევე ევროინტეგრაციის პროცესს.
"ეს კანონმდებლობა არის რეალურად ძალიან მძიმე საქართველოს დემოკრატიისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული გაფრთხილება და ამ კანონმდებლობაზე სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს გუშინ სენატორებმა. სახელწიფო დეპარტამენტის ხაზგასმაა, რომ ეს კანონმდებლობა არავითარ შემთხვევაში არ არის "ფარას" კანონმდებლობა, რომელიც რეალურად არის სულ სხვა მიზნისთვის განკუთვნილი და ეს მიზანი არის, პირველ რიგში, ჯაშუშური ქსელის გამოვლინება.
მაშინ როდესაც მიმღები არის განათლების სამინისტრო, სკოლის დირექტორი და პატარები, ვინ გამოდის უცხო ქვეყნის აგენტი?! - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ხალხის ძალა" ებრძვიან მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, და არა, უცხოურ ფულს.
"მათი მიზანი არის დაღის დასმა ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციაზე, რომელსაც აქვს თავისუფლების მაღალი ხარისხი, ამიტომ ახლა ლაპარაკი - გადავაკეთებთ, გადავთარგმნით, არის დამაზიანებელი ქვეყნის ინტერესებისთვის. ქვეყნის ინტერესები ეხება ლობიზმს. ისინი ებრძვიან მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს და არა უცხოურ ფულს. ჩვენი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ხშირად არის სესხები უცხოური და გრანტები," - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
"ქართულ ოცნებას" პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროექტზე გაგრძელდება კონსულტაციები.