ქვეყნის საგარეო კურსი და ევროპული მომავალი, გზავნილები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ - ეს იყო დღეს პარლამენტში გამართული დებატების მთავარი თემები.
საუბარი შეეხო პარლამენტის გადაწყვეტილებას, ომის წლისთავზე უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით, ქართული დელეგაცია არ დაესწრება რადაში დაგეგმილ საგანგებო სხდომას, რომელზე წერილობითი მიწვევაც, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს არ მიუღია. საუბარი ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის საკითხს, აგვისტოს ომის თემას და კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. დეპუტატების ნაწილი დაინტერესდა ჯარის რეფორმითაც.
ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ სესიაზე ხაზი გაუსვა პრემიერის ვიზიტს მიუნხენში და აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი და 12 რეკომენდაციის შესრულება იყო.
"მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, სადაც მან ჩაატარა უმაღლესი დონის შეხვედრები და როგორც ყველამ დავინახეთ, მას ჰქონდა შეხვედრა როგორც ევროკომისიის პრეზიდენტთან, ასევე ბატონ ბორელთან. რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა იყო ის პროგრესი, რომელიც 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით არსებობს," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
სესიაზე კრიტიკით გამოირჩეოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის იყო ანა ნაცვლიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა პარლამენტის თავმჯდომარეს აგენტი უწოდა და პასუხი მოსთხოვა, რატომ არ არის ახლა საქართველოს დელეგაცია კიევში.
"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა, როგორც სპიკერო თუ როგორც ბატონო აგენტო, როგორ გირჩევნიათ?! ყოფილი დამსახურებული აგენტი, მე ასე მოგმართავთ, რადგან თქვენც იმ წიაღიდან მოდიხართ, რომელსაც ახლა აგენტად გამოცხადებას უპირებთ. რატომ არ არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იქ, სადაც უნდა იყოს ახლა, კიევში," - მიმართა ანა ნაცვილვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
"წერილობითი მოწვევა არ ყოფილა" - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებიან ახლა კიევში.
"წერილობითი მოწვევა არ ყოფილა. პოზიცია არის შემდეგი, ჩემს უკან დგას საქართველოს დროშა. ჩემს უკან ჰკიდია საქართველოს გერბი. თქვენ, როგორც ამ პარლამენტის წევრს, ფიცი გაქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც შიგნითაც და გარეთაც თქვენს ქვეყანას აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის ავლას და ა.შ. როდესაც თქვენ პირადად, ანა ნაცვლიშვილმა იცით ეს ყველაფერი ტყუილია, რომ სინამდვილეში მწამებელია მწამებელი, რომ დამნაშავეა დამნაშავე და არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა რაიმე სანქციების გვერდის ავლა. აი ამ ყველაფერს რომ ისმენთ და არაფერს არ ამბობთ, თქვენ ამით არღვევთ ფიცს დროშის და გერბის წინაშე. არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ საჯაროდ, ღიად, კეთილსინდისიერად ყველას მიმართ ვაფიქსირებთ და ამიტომ მოგიწოდებთ ამის მიხედვით იმოქმედოთ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
სესიაზე სიტყვით ისარგებლა პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმაც. დეპუტატმა კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ ისტორია მეორდება.
"25 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 თებერვალს კონსტანტინე გამსახურდია იტყვის ასეთ სიტყვებს "ქართველო ერო, გარეწართა გროშზე გაგყიდეს, სჯობს მკვდრად მოსულმა ჩვენს ცხედრებზე გადაიაროს, ვიდრე სამშობლოს ვერაგულად თვალებს დასთხრიდნენ". მე მაქვს განცდა, რომ ერთი საუკუნის შემდეგ ტრაგედია მეორდება," - აცხადებს ახვლედიანი.
მშვიდობის უალტერნატივობაზე ისაუბრა საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელმა.
"მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამის შესახებ მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. მისმა განაცხადმა ყური მოსჭრა ბევრს, ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც,"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა შალვა კერესელიძემ მმართველი გუნდის დეპუტატებს მოუწოდა, ნუ გადაიქცევიან 21-ე საუკუნის მახარაძეებად.
"თქვენი ასეთი ქმედებებით ნუ გამორიცხავთ, რომ 21 საუკუნის მახარაძეებად, ორჯონიკიძეებად და ყორღანაშვილების სახელით შეხვიდეთ საქართველოს ისტორიაში. ამიტომ კარგად დაფიქრდით და იფიქრეთ სამშობლოსა და თქვენი შვილების მომავალზე," - განაცხადა კერესელიძემ.
მალევე უპასუხა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ. იონათამაშვილის განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები გახარიას შემდეგ ხაბეიშვილის მიბაძვით არიან დაკავებულები.
"გახარიების თანაპარტიელებს მინდა გამოვეხმაურო. აქამდე გახარიას მაინც ჰბაძავდით ხოლმე და ახლა ხაბეიშვილი მოგენატრათ და ხაბეიშვილს ჰბაძავთ თუ რა გჭირთ მართლა,"-აღნიშნა რატი იონათამაშვილმა.