ჩვენ მიერ ახალი კანონპროექტის წარდგენის შემდეგ მალევე განვაცხადეთ, რომ თუკი იქნებოდა სპეკულაციები, წარვადგენდით ალტერნატიულ, სუფთა ამერიკულ კანონს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ ახალი ალტერნატიული კანონპროექტი უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ, რომელიც არის ამერიკულის ანალოგი. გავაკეთებთ პირდაპირ თარგმანს და დავაინიცირებთ კანონს, ამისთვის დაგვჭირდება 1-2 დღე, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
"თავიდან, როდესაც გადავწყვიტეთ ამ შინაარსის კანონი წარგვედგინა, ჩვენ გავაცანით ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. ამ შეხვედრას ესწრებოდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც. თავიდანვე გვქონდა შეთავაზება, რომ პარლამენტისთვის წარგვედგინა ამერიკული ვარიანტის პირდაპირი ანალოგი, მაგრამ მათ შემოგვთავაზეს, განგვეხილა უფრო ლიბერალური კანონი. მივიღეთ მათი შემოთავაზება და ავიღეთ უფრო ლიბერალური ვარიანტი. ჯერ არ დაწყებულა საკომიტეტო განხილვები, მაგრამ სამაგიეროდ, დაიწყო აქტიური ისტერიული სპეკულაცია ამის გარშემო, რომ თითქოს ეს არის რუსული კანონპროექტის ანალოგი, რასთანაც არაფერი საერთო არ აქვს. არავითარი აკრძალვის მექანიზმები ჩვენს მიერ ინიცირებულ ქართულ ვარიანტში არ იკითხება. შიში და სპეკულაციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო; ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ ამერიკული ვარიანტი, ნათარგმნი ერთი-ერთში," - განაცხადა ხუნდაძემ.