14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
NATO- ევროკავშირი- უკრაინა - ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად ახალი ფორმატი შეიქმნა

NATO- ევროკავშირი- უკრაინა - ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ფორმატი, რომლის ფარგლებში პირველი შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სამმხრივი ფორმატის მთავარი ამოცანა უკრაინის დახმარებაა იქამდე, სანამ ქვეყანამ არ გაიმარჯვებს.

რუსეთის აგრესიაზე საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალურმა  მდივანმა განცხადა, რომ უკრაინამდე იყო საქართველო და 2008 წლის მოვლენები.

"ჩვენ ნანახი გვაქვს რუსული აგრესიის მაგალითი მრავალი წლის განმავლობაში - საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს და ფართომასშტაბიანი შეჭრა გასულ წელს. ჩვენ ნათლად უნდა გამოვხატოთ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. როდესაც ომი დასრულდება, უნდა შევქმნათ გრძელვადიანი ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი არ გააგრძელებს ევროპული უსაფრთხოების შესუსტებას. ვწუხვარ რუსეთის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს მონაწილეობა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა დაარღვია და დატოვა იარაღის კონტროლის ძირითადი შეთანხმებები. მტკიცედ მოვუწოდებ რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და პატივი სცეს არსებულ შეთანხმებებს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინას სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა, იარაღითა და საბრძოლო მასალით, ამიტომაც ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა მიწოდების პროცესი დაჩქარდეს. 

"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და თავდაცვის უფლების ურყევ მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია, რათა კანონის უზენაესობა ჭარბობდეს იარაღისა და ძალის უზენაესობას. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი. უკრაინას სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა, იარაღითა და საბრძოლო მასალით. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა დავაჩქაროთ მათი მიწოდება წევრი ქვეყნებიდან," - აღნიშნა ჯოზეფ ბორელიმ. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი განმარტა, კონკრეტულად, თუ რა ამოცანები ექნება ახალ ფორმატს. 

ჩვენ შევთანხმდით, რომ ინტენსიურად ვიმუშაოთ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად: როგორ გავწვრთნათ სამხედროები, როგორ ვაწარმოოთ და მოვიპოვოთ იარაღი და საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურად და როგორ მივიტანოთ ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე. რაც უფრო მეტი კოორდინაცია გვექნება, მით უფრო მალე განდევნის უკრაინული არმია რუსულ არმიას უკრაინის ტერიტორიიდან და მით უფრო მალე აღდგება მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში," - აღნიშნა კულებამ. 

დღის ამბები