14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
გუშინ რუსეთის 9 მოქალაქე არ შემოვუშვით, ხოშტარიამ ერთზე ატეხა ამბავი, დანარჩენებზე რატომ არ იკითხა, მიკვირს, ოპოზიცია არც სხვა ქვეყნის აეროპორტებში გაჩერებულ ქართველებზე კითხულობს-ვახტანგ გომელაური

გუშინ რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე არ შემოუშვეს, ატყდა ამბავი, თითქოს ქვეყანა დაინგრა, გუშინ მაგალითად რუსეთის ცხრა მოქალაქე არ შემოვუშვით ქვეყანაში, ქალბატონი ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში და ატეხეს ამბავი, როგორ შეიძლება, არ შემოუშვითო, დანარჩენ რვა ადამიანზე რატომ არ იკითხა, მიკვირს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, ოპოზიცია არასდროს კითხულობს იმ ქართველების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში დღეების განმავლობაში არიან გაჩერებული.

„გული მწყდება ხოლმე, როდესაც ქართველები სხედან ამა თუ იმ საზღვართან და არ უშვებენ. არ მინახავს ოპოზიციიდან ვინმე გამოსული და ეთქვას, რა ხდებაო ან ელჩს მიმართონ. მშიერი ზის ჩვენი მოქალაქე აეროპორტში. სახელმწიფოს ბილეთის ფული გაგვიგზავნია, რომ უკან ჩამოსულიყო. ამაზე ხმას არავინ იღებს. ერთი მხრივ ამბობენ, ნუ უშვებთ რუსებსო და ვიღაცაზე ატყდა ამბავი, როგორ არ უშვებთ, ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტსო. ეს მიდგომა ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ, რომლებსაც დაწყებული მექსიკის საზღვრიდან დამთავრებული სხვა ქვეყნებით, არ უშვებენ. არცერთ ქვეყანაში არ არსებობს ეს კანონი. ჩვენ მივიღეთ და არ ვუშვებთ აქედან ხალხს, რომელსაც ბილეთი აქვს აღებული, აქვე ვაჩერებთ, რადგან რაღაც კრიტერიუმები არსებობს და არ ვუშვებთ.

ზოგს უკან წამოსასვლელი ბილეთი აღარ აქვს. ამ თემაზე ხმა არავის ამოუღია. ნერვიულობენ, ორი დღე რატომ სხედან რუსები აეროპორტშიო. მაგალითს მოვიყვან, ყაზბეგის პუნქტზე იჯდა ქალი დაახლოებით ათი დღე, ატყდა ამბავი, ყველამ დარეკა, ელჩებმა, არასამთავრობოებმა. ამ ადამიანს თურმე დასდევენ სპეცსამსახურები, „ფეესბე“, დროზე შემოუშვით, უნდა დაიჭირონო. როცა მოდიოდნენ ელჩები პირადად ჩემთან, აღარ დავასახელებ ელჩების სახელებს და გვარებს, ვეუბნებოდი, ეს ადამიანი ორჯერ გადავიდა და გადმოვიდა საზღვარზე, ორჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, შებრძანდა რუსეთში, გამობრძანდა. თუ ეძებენ, დასდევენ, უნდოდათ დაეპატიმრებინათ, კაციშვილმა ხელი არ მოკიდა? ყველა ჩუმდებოდა, კაი, ჩვენ ასე გვითხრეს, ბოდიშიო და მიდიოდნენ უკან. ეს არის რეალობა. ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ხოლმე. ეს ქალი მერე სხვა ქვეყანაში წაიყვანეს“, – განაცხადა გომელაურმა.

დღის ამბები